პოლიტიკა
ნინო დოლიძე: არჩევნების სრული სურათის სანახავად, სასურველია საერთაშორისო მისიები პროცესს 6 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. „სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების მიმდინარეობის სრული კონტექსტისა და სრული სურათის სანახავად, სასურველია საერთაშორისო მისიები პროცესს 6 თვის განმავლობაში მაინც აკვირდებოდნენ.

ასე გამოეხმაურა ნინო დოლიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ მნიშვნელოვანია მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, „რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები და სინამდვილეში ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა და ა.შ. თვეებით ადრე ხდება“.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას მომდევნო წლის დასაწყისიდან გეგმავს.

როგორც იცით, ზოგადად, საარჩევნო პერიოდი და არჩევნების შეფასება არ არის ნამდვილად ერთი დღე და ეს მოიცავს სამ პერიოდს: წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი. იმიტომ, რომ არჩევნები შედეგების გამოცხადებით არ სრულდება, არის საარჩევნო დავები. ჩვენ, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, არჩევნებს ასე გრძელვადიანად ვუყურებთ. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს, ოფიციალური კამპანია 2 თვით ადრე იწყება და ამ დროს შეგვიძლია სამართლებრივი შეფასებები, თუმცა ჩვენთვის უფრო მეტი თვით ადრე იწყება საარჩევნო პერიოდი და ალბათ, უკვე მოიცავს მთლიანად საარჩევნო წელს. მაგალითად, ჩვენთვის 2024 წლის დასაწყისიდან უკვე საარჩევნო პერიოდი იქნება და დავაკვირდებით ამ პერიოდში როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე სახელმწიფო უწყებების ქმედებებს. ჩემი აზრით, კელი დეგნანი საუბრობდა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ პრობლემებზე, რომელიც ქართულ არჩევნებს ახლავს თან და აქ საუბარია მოსყიდვის, ზეწოლის, მუქარის ფაქტებზე, რომელიც არაერთი გვაქვს ხოლმე საარჩევნო პერიოდში. ჩვენ, როგორც ადგილობრივი ორგანიზაცია, ადრე დავიწყებთ მონიტორინგს და ეს იქნება ბუნებრივი მოვლენა.

ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. არაერთხელ გაკეთდა განცხადებები სენატორების მხრიდანაც, რომ ისინი აპირებენ საარჩევნო პროცესებს ძალიან ახლოს და კარგად დააკვირდნენ. სავარაუდოდ, ალბათ, ესეც იგულისხმება, რომ ისინი უფრო გრძელვადიანად დააკვირდებიან ამ არჩევნებს, ვიდრე სხვა არჩევნებს. შესაძლოა [საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლის] დაანონსებას გულისხმობდეს იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს როგორც წესი ხდება ხოლმე, ან შესაძლოა, ეს იყო სურვილი, რომ ადრე ჩამოსვლა არის მნიშვნელოვანი. წინასაარჩევნო პერიოდი არის გადამწყვეტი არჩევნებისთვის იმიტომ, რომ სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ისეთი ქმედებები, რომელიც ამომრჩეველზე მათი გადაწყვეტილებების მიღების დროს ახდენს ზეგავლენას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა, საარჩევნო პერიოდზე 6 თვის დაკვირვება. კანონმდებლობაში არის ჩანაწერები, რომელიც აკრძალულია არჩევნებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში, მაგრამ იქამდე დასაშვებია. სრული კონტექსტის და სრული სურათის სანახავად 6 თვით ადრე და, ზოგადად, მომავალი წლის დაკვირვება იქნება საინტერესო“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები.

სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი, ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს, მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ. ნაკლებად მნიშვნელოვანია აშშ-აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას“, - განაცხადა დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.