საზოგადოება
„TI საქართველო“: პოლიტიკური შემოწირულებების უმეტესობა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მიიღო

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TIG) მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული ბიულეტენით, 2023 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 453 336 ლარის შემოწირულება მიიღეს, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა – 218 300 ლარი პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მიიღო.

108 000 ლარით, პოლიტიკური შემოწირულებებით მეორე ადგილაზეა „ქართული ოცნება“. შემდეგ მოდიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 90 790 ლარით; „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 9 500 ლარით და „კონსერვატიული მოძრაობა“ 6 550 ლარით.

რაც შეეხება შემწირველების რაოდენობას, აქ „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 44-ჯერ შეწირეს თანხა, თუმცა ამ შემოწირულებების უმრავლესობა მცირე თანხებს შეადგენდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მმართველ პარტიას ჯამში სულ 3 შემწირველი ჰყავდა. „სამი დონორიდან ორი — ოთარ ფუტკარაძე და დავით დევაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის ბიზნეს-პარტნიორები არიან, მათმა საერთო კომპანიამ „ბონდი-2009” ამავე პერიოდში 35 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი მოიგო,” – ხაზგასმულია ბიულეტინში.

აღსანიშნავია, რომ ფუტკარაძემ და დევაძემ 6 ივნისს ერთდროულად შესწირეს 100 000 ლარი „ქართულ ოცნებას“. ისინი სამ კომპანიაში არიან პარტნიორები (შპს „ფიშ პოინტი“, შპს „მეთევზეთა გაერთიანება“ და „შპს ბონდი-2009“), რომელთაგანაც განსაკუთრებით საყურადღებოა „ბონდი-2009“, რომელსაც „2012 წლიდან 190 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული და 800,000 ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიღებული, ხოლო ამ კომპანიის პარტნიორებს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 270,000 ლარი აქვთ შეწირული“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბიულეტენის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა 11 პოლიტიკური პარტიის შემომწირველ 32 ფიზიკურ პირზე მიაწოდა ინფორმაცია. მათგან ოთხ პირს შემოწირულების განხორციელებისთვის საკმარისი შემოსავალი არ დაუდასტურდა. აუდიტის სამსახურის მიერ კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, მოცემული ოთხი პირიდან ორი „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო, ხოლო ორი — „კონსერვატიული მოძრაობის“.