საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ვინმემ რომ გვითხრას, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატოში, ჩვენი პასუხიც იქნება კატეგორიული უარი

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. ეს [ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ნატოს წევრობა] მიდგომა მიუღებელია, ჩვენ შეგვიძლია იგივე მოცემულობა წარმოვიდგინოთ საქართველოზეც, მსგავს მდგომარეობაშია ქვეყანა, - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოახერხოს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მისთვის გასაგებია უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც ნატოს წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება ნეგატიურად შეაფასა.

"ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიც არის ოკუპირებული, ჩვენ რომ გვითხრას ვინმემ, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატოში, ჩვენი პასუხიც იქნება კატეგორიული და ეს პასუხიც იქნება ბუნებრივია, უარი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის იყოს გზა მშვიდობის მისაღწევად და ნატო-ში გასაწევრიანებლად.