საზოგადოება
ირაკლი კობახიძე The Killers-ზე: პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რითაც შეკვეთილში ჯგუფ The Killers-ის კონცერტზე მომხდარი.

კობახიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ასეთი აღელვება არის ხელოვნური.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, მას ამის რწმენის საფუძველს აძლევს წარსულის შემთხვევები.

როგორც ჩანს ის [რუსი დრამერი] ერთ-ერთი მაყურებელი იყო. ის ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა სცენაზე მოიხმო. არ ვიცი, აქ რა შეიძლება გაკეთდეს. ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს იყო შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“, ვითომ მთავარი ანტირუსული პარტიის ყრილობაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსულ ენაზე შესრულდა „თბილისო“ და მაშინ არავინ აღელვებულა, არცერთი ადამიანი. დღეს, როდესაც ვხედავთ ასეთ აღელვებას, რა თქმა უნდა, ეს არის ხელოვნურობის მთავარი ნიშნები.

ასევე, ელენე ხოშტარია, პრაქტიკულად ყოველთვიურ რეჟიმში მილიონობით რუსულ რუბლს იღებს რუსეთის ბიუჯეტიდან. ამაზეც არავინ ღელავს.

გიორგი ვაშაძე თავის ბინას რუს მდგმურზე აქირავებს (აქირავებდა, აქირავებს არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში აქირავებდა). ამაზეც არავინ ღელავს. ამიტომ, მე მაქვს უფლება მჯეროდეს, რომ ასეთი აღელვებები უმეტეს შემთხვევაში არის ხელოვნური. რა თქმა უნდა, იქ ბევრი ადამიანი შეიძლება გულწრფელად აღელდა. რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ. მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი აღელვება არის ხელოვნური. ამის რწმენას მაძლევს წარსულის შემთხვევები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ აქციაზე რუსულად ჟღერდება „თბილისო“ და ამასთან დაკავშირებით, არცერთი ადამიანი არ ღელავს, მგონია რომ სხვა შემთხვევებში ასეთი აღელვება არის ხელოვნური“,- განაცხადა კობახიძემ.

15 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს მსმენელთა პროტესტი მოჰყვა. კონცერტზე მისულთა ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა.