საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების გზით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის შანსი არ აქვს, ამიტომ ისინი რევოლუციურ სცენარებს „ეპოტინებიან“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ასე გამოეხმაურა ქადაგიშვილი ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ „მოშორების“ ერთ-ერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია. მეორე - გამარჯვება მორიგ არჩევნებზე. თუ ოპოზიციას ამის საშუალება არ მიეცემა, მაშინ, ჯაფარიძის თქმით, ყველაზე რეალური გზა არის ხელისუფლების შეცვლა ქუჩის აქციებით.
„ოპოზიციამ და კონკრეტულად ზურაბ-გირჩმა ჯაფარიძემ იცის, რომ არჩევნების გზით რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მოპოვების არანაირი შანსი არ აქვთ. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, როგორი მცირეა მათი საარჩევნო რესურსი. აქედან გამომდინარე, რევოლუციას ეპოტინებიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციას რევოლუციის თავი არ აქვს, რადგან რევოლუციას მარტო რევოლუციასა და სისხლს მოწყურებული ადამიანები კი არ სჭირდება, რევოლუციას სჭირდება მასა.
„ხალხი რევოლუციას არ ელოდება, მით უმეტეს, ამ გაცხელებული ტვინების იმედად ყოფნა ქართველ ერს არ სურს. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჭიქაში ქარიშხლის შექმნის იმიტაციაა... ეს არის მთელი მათი ქცევის მორალი და ფილოსოფია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები სამართლებრივად ვერ ჩატარდება, რადგან უკვე რიგითი არჩევნები ახლოვდება. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, რიგგარეშე არჩევნების არანაირი პოლიტიკური წინაპირობა არ არსებობს.