საზოგადოება
ომბუდსმენის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე მორიგ დასკვნას აქვეყნებს

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. 10 აგვისტოს, სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის შეფასება, რომელშიც წერია, რომ სააკაშვილის ჯანმრთველობას უნარჩუნდება „ნელი დინამიკა გაუარესებისკენ“. ექიმებმა შეფასება კლინიკა „ვივამედის“ მიერ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე შეადგინეს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია და შეედარება სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა ჯგუფის წინა ჩანაწერებს – კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება“.

დასკვნაში წერია, რომ გამოხატულია მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით… ექსპერტთა ჯგუფი ფიქრობს, რომ ასეთი მონაცემები მომატებული ფერიტინის და ნორმალური რკინის ფონზე ქრონიკული დაავადების (ამ შემთხვევაში პროტეინდეფიციტური მალნუტრიციის – შიმშილის) მიმანიშნებელია“.

ექიმთა ჯგუფის აზრით, „კვების დეფიციტის გამოხატულებაა ელექტროლიტური დისბალანსიც“. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2023 წლის 14 ივლისის ექსპერტთა ჯგუფის შეფასების შემდგომ პაციენტს აღენიშნება ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია).

თუმცა, დასკვნაში ხაზგასმულია, რომ პაციენტის მდგომარეობას მკურნალი ექიმები აფასებენ სტაბილურად, საყურადღებოდ, საშუალო სიმძიმედ (მხოლოდ ერთ ჩანაწერში (31.05.2023) ფიგურირებს, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება)“.

ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ საერთო ჯამში, ნარჩუნდება თანდათანობითი ნელი დინამიკა გაუარესებისკენ, რაც, სამწუხაროდ, სავსებით ლოგიკურია ჯგუფის მიერ გაკეთებული წინამდებარე დასკვნების კონტექსტში“, – ნახსენებია ომბუდსმენის განცხადებაში.

რაც შეეხება კლინიკაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვას სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვს.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჩამოაყალიბა თავისი მანდატის ფარგლებში, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესის მონიტორინგის მიზნით. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ექიმთა ჯგუფი აგრძელებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესის მონიტორინგს და პერიოდულად, 2-4 თვის შუალედებით განახორციელებს პაციენტთან ვიზიტებს. შემდეგი ვიზიტი დაგეგმილია სექტემბერში, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობაში, ვიზიტები განხორციელდება არაგეგმიურადაც. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი არ ერთვებოდა და არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.