სამართალი
„თეთრი მოძრაობა“: „თანაგრძნობა სჭირდება ქართველ ხალხს და არა „ნაციონალურ“ რეჟიმს“

TeTrebi4როგორც საქინფორმს „თეთრების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ შეუერთდა „ქართული პარტიის“ მიმართვას – „შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება და წამება.“ წერილში, რომლითაც თემურ შაშიაშვილმათეთრების“ სახელით მიმართა „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარს, ბევრი მნიშვნელოვანი ხაზგასმაა გაკეთებული. გთავაზობთ ძირეულ მომენტებს მიმართვიდან:

– თუ რა უბედურებაა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება და წამება ქვეყნის, ხალხისა და საქართველოს მომავლისათვის, „სახალხო კრების“ წევრებმა და „სახალხო კრებასთან“ დაკავშირებულმა პარტიებმა საკუთარ თავზე განსაკუთრებული სიმწვავით გამოვცადეთ 2011 წლის მაისში და ეს ანტიადამიანური პროცესი გრძელდება დღესაც. ქარელში დღეს მხოლოდ იმისთვის დააკავეს ადამიანი, რომ ის „სახალხო კრების“ წევრი იყო.

პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება და წამება საკუთარ თავზე ვიწვნიე 2011 წლის 20 მაისს ზესტაფონში, 21 მაისს ბათუმში, 25-26 მაისს თბილისში. ეს მართლაც საშინელებაა და გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში ეს ხელისუფლება სწორედ სოლიდარობის, ადამიანური თანაგრძნობის განწყობას კლავს.

– ვფიქრობთ, რომ დადგა სოლიდარული მოძრაობის დრო საქართველოს გადარჩენისათვის.

ვთვლით, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მთელი რიგი საკითხებისადმი შეხედულებების სხვადასხვაობის მიუხედავად, დღეს აუცილებელია სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის, რადგან სწორედ ასეთ მოძრაობას შეუძლია წერტილი დაუსვას ხელისუფლების მზაკვრულ პოლიტიკას, დაწყებულს ადამიანების გათითოკაცებით, როცა მწერალს უპირისპირებენ მწერალს, მსახიობს – მსახიობს, მუსიკოსს – მუსიკოსს, მხატვარს – მხატვარს, არქიტექტორს – არქიტექტორს, ჟურნალისტს – ჟურნალისტს, პედაგოგს – პადაგოგს, მეცნიერს – მეცნიერს, ექიმს – ექიმს, სპორტსმენს – სპორტსმენს, მეგობარს – მეგობარს, მეზობელს – მეზობელს და ეს ხდება ქვეყნისათვის მომაკვდინებელი „ჩაშვების“ ინსტიტუტის ამოქმედებით და დამთავრებულს პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთისადმი დაპირისპირებით, ცალკეულ პარტიათა მოსყიდვით, მთელი რიგი სასარგებლო პოლიტიკური პროცესების ჩაშლით.

– ქართული ოპოზიციური სპექტრის დიდი სირცხვილია, რომ გავრბივართ ხელისუფლების მოლაპარაკების მაგიდასთან, ვტკბებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით, „ხბოს აღტაცებით“ გვიხარია უცხოეთის დელეგაციებთან შეხვედრა და ამ დროს ეფექტურად ვერ ვახერხებთ საუბარს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობასთან,   ვერ ვახერხებთ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას პოლიტიკოსები,   ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას,   ერთიანი სამოქმედო პროგრამის შემუშავებას. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა სახეზე გვაქვს ქვეყნისათვის მომაკვდინებელი მთელი რიგი პოლიტიკური პროცესები, უპირველესად, საქართველოს მოსახლეობის გენოციდი, მოწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიერ.

– ჩვენი დაქსაქსულობითა და ურთიერთდაპირისპირებით ქვეყნისათვის მომაკვდინებელი პროცესის გაძლიერების აშკარა მაგალითია ისიც, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იძულებული გახდა, გაეკეთებინა განცხადება რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისათვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურის შეჩერების მოთხოვნის შესახებ... პატრიარქი მძიმე განცხადებას აკეთებს, ჩვენ კი ვდუმვართ, რადგან ეკლესიისადმი მხარდაჭერას ცუდად შეაფასებენ ჩვენი უცხოელი მეგობრები... ეს ხომ, მართლაც, კატასტროფაა.

– სწორედ მომაკვდინებელი პოლიტიკური პროცესია ქვეყნის პოლიციურ რეჟიმად ჩამოყალიბება, რის აშკარა მაგალითია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება და წამება. ჩვენ ვდუმვართ, როცა ამ დღეებში პოლიციის მაღალჩინოსანი, ვინმე შოთა უტიაშვილი, თავს უფლებას აძლევს, გააკეთოს ნებისმიერი, თუნდაც, დემოკრატიის გზაზე მდგომი ქვეყნისათვის შეურაცხმყოფელი პოლიტიკური განცხადება: „საქართველოში არის ერთი გიგანტი და რამდენიმე ჯუჯა პარტია“... რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში გაბედავდა პოლიციის წარმომადგენელი ასეთი განცხადების გაკეთებას, და თუ გაბედავდა, ვინ დატოვებდა მას თანამდებობაზე... ჩვენ კი ვდუმვართ და ჩვენი დუმილით ვაძლიერებთ მომაკვდინებელ პროცესებს ქვეყანაში. როგორც ჩანს, პოლიტიკურ ლიდერებშიც მძლავრობს შიში პოლიციისადმი. ეს მართლაც მომაკვდინებელია.

– მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოს და ქართველ ხალხს სჭირდება პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა და თანაგრძნობა და არა „ნაციონალურ“ ხელისუფლებას.

დრო და შექმნილი მდგომარეობა ნამდვილ ოპოზიციას გვავალდებულებს, გავერთიანდეთ ხალხის ინტერესების დასაცავად, იმ ხალხისა, რომლის სახელითაც ყველანი ვლაპარაკობთ, მაგრამ მშვიდად ვუყურებთ იმავე ხალხის გენოციდს, რომელსაც ეს ხელისუფლება უწყობს.

 

საქინფორმი