პოლიტიკა
მარია ზახაროვა ბათუმის აქციაზე: ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს „რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს“, რომლებსაც „რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს.

ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლასთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას, ზახაროვამ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები არის მორიგი „შეკვეთილი ქმედება, რომელიც ქვეყანაში მრავლად ტარდება სხვადასხვა თემებზე და რუსეთის კონტექსტში და ასევე, გარკვეული შიდა მოვლენების კონტექსტში.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს სჩადიან, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ მათ კლიენტებს წარმოადგენენ.

„ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მოწოდებას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, რომ მათ, როგორც ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ემიჯნებიან მას“, - განაცხადა ზახაროვამ.

ის, ასევე, ამბობს, რომ აშშ-ის ელჩი თბილისში კელი დეგნანი „პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს როგორ იცხოვრონ“.