საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. როგორც მოგეხსენებათ, ინფლაცია გლობალურ გამოწვევად იქცა და ის კვლავაც მნიშვნელოვანი თავსატეხია მრავალი ძლიერი ეკონომიკისთვის მთელ მსოფლიოში. თუმცა, ჩვენ მივიღეთ ქმედითი ღონისძიებები, რის შედეგადაც ივნისში ინფლაციამ მხოლოდ 0.6% შეადგინა. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ წელს ინფლაცია საპროგნოზო მაჩვენებელზე ქვემოთ დარჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიღწევებმა მოიპოვა გლობალური აღიარება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან.
„გარდა ამისა, საქართველოს სუვერენულმა საკრედიტო რეიტინგებმა გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს, რაც ასახავს ჩვენი ქვეყნის მდგრადობას და ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებელს. Fitch Ratings-მა საქართველოს პერსპექტივა BB „სტაბილურიდან“ გაზარდა BB „დადებითამდე“; ეს პოზიტიური ცვლილება ჩვენი მთავრობის ეფექტურ მმართველობის შედეგია, ისევე როგორც ეკონომიკურ განვითარება და მაკრო-ფისკალური პოლიტიკის სანდო ჩარჩო. ეს დადებითი რეიტინგები ხაზს უსვამს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისა და დარგობრივი პოლიტიკის მართვის მიმართ.
ჩვენმა მიღწევებმა მოიპოვა გლობალური აღიარება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ამ მხარდამჭერი სამართლებრივი და ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებისთვის. შედეგად, ჩემმა ქვეყანამ მსოფლიოში წამყვანი პოზიციები მოიპოვა:
მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ მიხედვით, საქართველო მე-7 ადგილზეა 190 ქვეყანას შორის; ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, ღია ბიუჯეტის კვლევა საქართველოს პირველ ადგილზე ასახელებს; Fraser Institute-ის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების პირველ თხუთმეტეულშია და გლობალურად 165 ქვეყანას შორის მე-15 ადგილს იკავებს; Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსთ 2023 წელს, საქართველო 21-ე ადგილზეა ევროპაში და ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოზე ბევრად წინ დგას; ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო მშენებლობის კვლევის ცენტრის ანგარიშის - „გამჭვირვალობა ომიანობის ჟამს“ - მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქონია და გამჭვირვალობის ინდექსში 54-დან მე-17 ადგილზე დაწინაურდა 2023 წელს
მეგობრებო, ზემოთმოყვანილი მაჩვენებლები წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს იმ მნიშვნელოვანი მიღწევებისა, რომლებსაც საქართველომ მიაღწია ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მე ვამაყობ იმით, რომ გრძელვადიანი წარმატება უკავშირდება ჩვენი მთავრობის ძალისხმევას საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ქვეყნად გადაქცევაში”, - განაცხადა პრემიერმა.