საზოგადოება
სი ძინპინი: ჩინეთმა და საქართველომ მხარი უნდა დაუჭირონ ერთმანეთს იმ საკითხებში, რომლებიც მათ ძირითად ინტერესებს ეხება

 საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ჩინეთმა და საქართველომ უნდა გაიგონ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს იმ საკითხებში, რომლებიც მათ ძირითად ინტერესებს ეხება, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი და საქართველო უნდა იყვნენ კარგი მეგობრები და პარტნიორები ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და თანასწორობის საფუძველზე.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზად არის, იმუშაოს საქართველოსთან, რათა ერთობლივად ხელი შეუწყონ მაღალი ხარისხის თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის“ პროექტის ფარგლებში.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი მიესალმება საქართველოს მხრიდან ჩინეთში მაღალი ხარისხის პროდუქციის ექსპორტის გაფართოებას და ჩინურ საწარმოებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდებს.