საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა.
შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინს „სარტყლის და გზის გლობალური ინიციატივისთვის“ მადლობა გადაუხადა.
როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. მიღება მსოფლიო საუნივერსიტეტო ზაფხულის თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.