რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: 451 გრადუსი FARAნჰეიტით

    სანამ დეგნანი ვაკეში ავტოფარეხებს ლობირებდა, მისი ქვეშევრდომები სააკაშვილს ლობირებდნენ...“

2023 წლის 19 ივლისს პრესკონფერენციაზე ვაცხადებ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ კამპანიას მართავს თემურ ალასანია - ორმაგი მოქალაქე და ორი სპეცსამსახურის აგენტი, რომელთაგან ერთი ამერიკულია. შეერთებული შტატებისთვის ალასანია ღირებულია მხოლოდ როგორც სააკაშვილის კურატორი, რადგან მისი გაზრდილი „ტროიანად“ იქცა - ვირუსად, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ჯერ საქართველოში ჩაუშვეს (წარმატებით), შემდეგ უკრაინაში (ასევე წარმატებით), და 2 წლის წინ - ისევ საქართველოში (წარუმატებლად, რადგან სააკაშვილმა სახელმწიფო გადატრიალება ჯერჯერობით ვერ მოაწყო).

იმავე დღეს, 2023 წლის 19 ივლისს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, აშშ-ის კანონის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (FARA) საფუძველზე, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოწმობს, რომ ლობისტურ კომპანიებს Akerman და GP International-ს ფული გადაურიცხეს თემურ და გიული ალასანიებმა (უკანასკნელმა საკუთარი ჯიბიდან 75 451 დოლარი გადაურიცხა).

   იმედი მაქვს, ამჯერად ქართველ ობივატელს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჩემი პროგნოზები ყოველთვის მართლდება, რადგან ექსკლუზიურ ინფორმაციას ვფლობ, არ გაუჩნდება ეჭვი, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ წინასწარ შემატყობინა ეს ფაქტი! რასაკვირველია, ადამიანებს ვერ ავუკრძალავ ეჭვობდნენ, რომ ჩემი ინკოგნიტო კომპეტენტური წყაროები თეთრ სახლსა და კრემლშია, მაგრამ თუ თანამემამულენი დასკვნებს ლოგიკასა და ანალიზზე და არა ჭორებსა და ტელე-პროპაგანდაზე დაყრდნობით გააკეთებენ, ჩემი პროგნოზები და ფაქტი FARA-ს ანგარიშიდან მათთვის შოკისმომგვრელი არ იქნებოდა.

   გაირკვა, რომ თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა ევან ელიოტმა 7 მარტს სააკაშვილის სახელით დარეკა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, რათა გაეგო, რა პასუხი მოჰყვებოდა პოლონეთის განაცხადს, პოლონელი ექიმებისთვის სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისა და მის მკურნალობაში მონაწილეობის ნება დაერთოთ. არადა, იმავე პრესკონფერენციაზე ხაზს ვუსვამ, რომ ამ სკანდალურ სპეცოპერაციასაც თემურ ალასანია ხელმძღვანელობდა! ევან ელიოტი კი ან კორუმპირებული დიპლომატია, ან კეთილსინდისიერი მზვერავი.

   ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 8 მარტს იმავე ევან ელიოტმა მორიგი სატელეფონო ზარი განახორციელა „მაგნიტსკის სიის“ სტატუსის განსახილველად და შეხვედრის დასაგეგმავად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან (რომელიც იმ დღეებში ნიუ-იორკში იმყოფებოდა) სააკაშვილის შეწყალების თაობაზე.

   ახლა - კითხვები მათთვის, ვისაც არ აქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი, მაგრამ გააჩნია საღი აზრი, მეხსიერება და ესმის, რომ გიჟული ალასანია ამ თამაშში არანაირ როლს არ თამაშობს, გარდა საბანკო ბარათისა.

(კეკლუცი ხანდაზმული ქალი სექსუალური ჩაცმულობისა და მომავალი ქორწინების გარდა ვერაფერზე ფიქრობს - გიჟულიმ ბოლოსდაბოლოს იპოვა ახალი მეგობარი და შეეგუა ფეთჰულა გიულენის დაკარგვას, რომელთან განშორებისასაც ტიროდა, ამის ტელეკადრები და ბევრი მოწმე არსებობს.)

   ნუთუ ვინმეს საქართველოში გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აღიარებს, თითქოს საელჩოს თანამშრომელი, მისი ნებართვით ან უნებართვოდ, ეწეოდა საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას - სააკაშვილის გათავისუფლებისა და საქართველოს წინააღმდეგ სანქციების პროვოცირებას?! ყველა შემთხვევაში, მზვერავია ის თუ კორუმპირებული დიპლომატი, ელიოტი გამოძიების მიმდინარეობისას იმავე დღეს უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებიდან, ან დაებრუნებინათ აშშ-ში 24 საათის განმავლობაში (მეორე - იმ შემთხვევაში, თუ ის მზვერავია). მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა და ელჩ დეგნანს შიდა გამოძიება არ წამოუწყია, თითქოსდა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ანგარიში ამის საფუძვლად არ კმაროდა!

   რა თქმა უნდა, როგორც დაზვერვის თანამშრომელს, ელიოტს შეეძლო არ გაენდო დეგნანისთვის ოპერაციის დეტალები, მაგრამ დეგნანმა, რომელიც გიულიზე ჭკვიანია, მეორე უპატიებელი შეცდომაც დაუშვა, როცა უტიფრად განაცხადა - აშშ-ის საელჩო არასდროს ლობირებდა სააკაშვილის ინტერესებსო! ამგვარმა უსირცხვილო ტყუილმა ბოლომდე გააუფასურა მთელი მისი უწინდელი და შემდგომი გამოსვლები ქართველი ხალხის წინაშე - ყველას გაახსენდა 2005 წლის 3 თებერვალს შს მინისტრის, მერაბიშვილის ტელეგამოსვლა, როდესაც ვანიჩკამ უაპელაციოდ განაცხადა - ზურაბ ჟვანია ნახშირორჟანგით მოწამვლისგან გარდაიცვალაო, თუმცა საქართველოს პრემიერის ცხედარი ჯერ კიდევ თბილი იყო... შემდეგ კი FBI-მ დაამტკიცა, რომ იმ დღეს გაზი საერთოდ არ მიეწოდებოდა იმ ქუჩა- შენობა-ბინას...

   სამაგიეროდ, სალომე ზურაბიშვილი თავხედ მატყუარა ელჩზე ჭკვიანი აღმოჩნდა - ევან ელიოტის ავანტიურას არ წამოეგო! როგორი შესახედავი იქნებოდა დღეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ანგარიშში პოლიტიკურად ანგაჟირებულ, კორუმპირებულ მოღვაწედ იფიგურირებდა?! ზურაბიშვილი თავის წინამორბედზე, მარგველაშვილზე ჭკვიანიც აღმოჩნდა - ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელმა PR მედიაკომპანია Cision PR Newswire-გან 11 500 დოლარი „სააკაშვილის გადასარჩენად“ მიიღო.

   საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ არ არიან მოჯადოებულნი და საკუთარი ჭკუით მსჯელობენ, უნდა ესმოდეთ, რომ 11 500 დოლარი მაქსიმალური ფასია მარგველაშვილისთვის მის შინაურ ცხოველებთან ერთად, რომელიც სულაც არ არის გამოჩენილი მოაზროვნე და პოლიტტექნოლოგი (ეს იმიჯი მას ზურაბ ჟვანიამ შეუქმნა). მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა კი მარგველაშვილი „მეგობარ ქალზე“ დააქორწინა, ჩააცვა, დაახურა და პრეზიდენტად დანიშნა, მაგრამ გიორგი მაინც „პლასტელინის მთავარსარდელი“ დარჩა... შემდეგ კი მაკა ჩიჩუა ყველა ტელეინტერვიუში ტიროდა, რომ „შავი დღისთვის“ არანაირი „დანაზოგი“ არ გადაუდიათ და ახლა ძალიან უჭირთ. ეს გაიგო სააკაშვილმა და მარგველაშვილში რეალური ფასი გადაიხადა, რომელიც ამის ნახევარზეც დათანხმდებოდა. ახლოა ის დრო, როდესაც მარგველაშვილი 100 დოლარად ან სულაც უფასოდ გაიმეორებს თავის ცნობილ ციტატას - რომ "ქართული კულტურა რუსული კულტურის ნაწილია"... ხედავთ, რა ადვილია ელემენტარული ანალიტიკური დასკვნებისა და პროგნოზების გაკეთება?!

   ასევე მინდა შევახსენო გულმავიწყ ქართველებს ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია 2012 წლის 1 ნოემბერს, როდესაც მილიარდერმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დასავლელ ელჩებს ქრთამებს ურიგებდა და ეს უმსგავსობა უნდა შეწყდეს. თუმცა სააკაშვილმა, როგორც ხედავთ, არ შეწყვიტა ამის კეთება, ოღონდ მექრთამეობას ახლა ლობირება ჰქვია!

და კიდევ: როცა თბილისის ცენტრში უამრავი ქუჩა უცნობი ადამიანების სახელებს ატარებს, ხოლო სერგო თეთრაძის სახელობის ქუჩა არ არსებობს, ჯორჯ ბალანჩინის სახელობის პროსპექტს ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი ეწოდა! განა ასე იქცევიან მეგობრები, როგორც დღეს აშშ-ის საელჩო იქცევა?! სანქტ-პეტერბურგში დაბადებული და ნიუ-იორკში გარდაცვლილი ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე, მელიტონ ბალანჩივაძის შვილი) - ამერიკული ბალეტისა და თანამედროვე ნეოკლასიკური ბალეტის ფუძემდებელია, ქართულ-ამერიკული მეგობრობისთვის მასზე მეტი ვინ გააკეთა?! ნუთუ ელჩმა დეგნანმა, რომლის წყალობითაც საქართველოში ტოტალური ანტიამერიკანიზმი აყვავდა?!

   კორუფცია დასავლურ დიპკორპუსში სიახლეს არ წარმოადგენს, ელჩების საქციელს თუ შევხედავთ, შესაბამისად იქცევა საელჩოს პერსონალიც, მაგრამ ამ უმსგავსობას ხელს ჩვენ, ქრთამის მიმცემი ქართველები ვუწყობთ! დასავლური დიპკორპუსი თბილისში ხელფასს თითქმის არ ხარჯავს - რატომ დაიხარჯოს?! ყველგან ისედაც ეპატიჟებიან, უმასპინძლდებიან, საჩუქრებით ავსებენ! გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ელჩებს ყიდულობდა - ფულს კონვერტებით ურიგებდა, მათ ძალიან ძვირადღირებულ საჩუქრებსაც გადასცემდნენ, მაგალითად - ცნობილი ქართველი მხატვრების ნახატებს, რომლებიც ძალიან ძვირად ფასობს ნებისმიერ მსოფლიო აუქციონზე! განა ასეთი საჩუქრები ქრთამი არ არის?! ამიტომაც ჩამოდიოდნენ დასავლელი ელჩები „ცალი კალოშით“, აქედან კი გამდიდრებულნი მიდიოდნენ - არა მარტო ვალუტაში დაგროვილი ხელფასებით, არამედ ხალიჩების, ნახატების, ანტიკვარიატის კოლექციებით!

   მაგრამ არის შემოსავლის კიდევ ერთი წყაროც: შეგახსენებთ, რომ 2010 წლიდან 2014 წლამდე, რიჩარდ ნორლანდის ელჩობისას, თბილისში აშშ-ის საელჩოდან უკვალოდ გაქრა 160 000 დოლარი. ეს დაფიქსირებულია აშშ-ის სახდეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ანგარიშში, რომელმაც გამოძიება 2015 წელს დაიწყო - მას შემდეგ, რაც საელჩოს მუშაკთა ასოციაციამ (TEA) საელჩოს სეიფში ნაღდი ფულის ოდენობასა და კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვის ციფრებს შორის არსებითი შეუსაბამობა აღმოაჩინა. გამოძიების მონაცემებით, თანხა ქრებოდა TEA-ს ანგარიშიდან, რომელიც საელჩოს ტერიტორიაზე პერსონალის მომსახურეობით არის დაკავებული - კაფეტერიები, ქიმწმენდა, საპარიკმახერო სალონი, ავტოსამრეცხაო და სხვ. დანაშაული, სავარაუდოდ, ჩაიდინა თანამშრომელმა, რომელმაც მოიპოვა წვდომა ფულად თანხებზე, რადგან COST-ის საბუღალტრო პროგრამა საკმარისად დაცული არ იყო. მან ასევე შეძლო ფულადი ტრანზაქციების განხორციელება, ფულის გატანა და ნებისმიერი სხვა ოპერაციის შესრულება, რომელიც არ აისახა ქაღალდზე! თუმცა ვერც ფულსა და ვერც დამნაშავეს ვერ მიაგნეს, რადგან მან მოახერხა კომპიუტერიდან ყველა კვალის წაშლა და, გამორიცხული არ არის, საელჩოში დღემდე მუშაობს! 2015 წელს ნორლანდი ახალმა ელჩმა იან კელიმ შეცვალა და დანაკლისიც ჩამოიწერა...

   საინტერესოა, როცა ამ დღეებში კელი დეგნანს ახალი ელჩი რობინ დანიგანი ჩაანაცვლებს (რომელიც რატომღაც აგვიანებს თბილისში ჩამოსვლას), აღმოაჩენენ თუ არა დანაკლისს აშშ-ის საელჩოში? გარდა იმისა, რომ კელი დეგნანმა სკანდალურად ჩააფლავა სამუშაო, როგორც ელჩმა, ამბობენ, რომ დღეს აშშ-ს საელჩოში კორუფცია ყვავის ბევრად უფრო მასშტაბურად, ვიდრე უწინ. ამიტომ ხომ არ ნერვიულობს ასე ძალიან დეგნანი ამ ბოლო დროს, რაც ყველა ტელეგამოსვლაში აშკარად ჩანს?! როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკის საელჩო არის სახელმწიფო სახელმწიფოში, გარდა დიპლომატებისა, დაცვის თანამშრომლებისა და ამერიკელი სამხედროებისა, აქ დიდი მომსახურე ტექნიკური პერსონალია და ამერიკელები ყველაფერში სამჯერ უფრო ძვირს იხდიან, ამასთან, ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებს უნაზღაურებენ. ამ ყველაფერს მამაკაცის ჭკუამ უნდა უხელმძღვანელოს - როგორც ამბობენ, ყველა ამ საქმეს განაგებს დეგნანის ქმარი, დუგლას მორისი, რომელიც საქართველოში არავის თვალით არ უნახავს, რადგან არსად გამოჩენილა...

 

   დღეს აშშ-ის საელჩო, შიდა გამოძიების დაწყებისა და თანამშრომლების გათავისუფლების ნაცვლად, თავს ესხმის ქართულ მედიასა და პოლიტიკოსებს, რომლებმაც, თურმე, გაბედეს და დაუჯერეს... არა, კრემლის პროპაგანდას არა, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს! როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოდან არავინ მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არ დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნე ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლები ფულს იღებდნენ ლობისტური ფირმებისგან, ცალსახად ყალბი და უპასუხისმგებლოა, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, თუმცა ელჩი დეგნანი, როგორც მან ურცხვად განაცხადა, არ იცნობს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ანგარიშს! რა თქმა უნდა, ამის დრო არ აქვს - თბილისის პრესტიჟულ რაიონში მიწისქვეშა ავტოფარეხების მშენებლობით არის დაკავებული...

P.S.

   451 გრადუსი ფარენჰეიტით ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი იწვის. სწორედ ამიტომ უწოდა ამერიკული ფანტასტიკის კლასიკოსმა რეი ბრედბერიმ თავის რომანს „Fahrenheit 451“. ორჯერ ეკრანიზებული რომანი ასახავს ამერიკელების უახლოეს მომავალს, როდესაც შეერთებულ შტატებში წიგნების კითხვა აკრძალულია და სპეციალური მეხანძრეები, მათ შორის, მთავარი გმირი გაი მონტეგი, წვავენს წიგნებს და სახლებს, რომლებშიც მათ მიაგნებენ. ინტერვიუებში ბრედბერიმ არაერთხელ განაცხადა იმ საფრთხის შესახებ, რომელიც კითხვას ტელევიზიის მხრიდან ემუქრება, ანუ ობივატელების ზომბირებას შესახებ.

   არაფერს არ მოგაგონებთ, ბატონებო?! სააკაშვილის, კეზერაშვილის, ჭუტას და სხვათა პროპაგანდისტული ტელეკომპანიების მიზანია, თქვენ, საქართველოს მოქალაქეები გადაგაჩვიოთ კითხვას და დასკვნების გაკეთებას, ტელეეკრანიდან მოწოდებული მზა შტამპების დაჯერება ხომ ბევრად იოლია! შემთხვევითი როდია, რომ რომანი „451 გრადუსი ფარენჰეიტით“ გამოქვეყნდა ზუსტად 70 წლის წინ - 1953 წელს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, ბერია მოკლეს, ფიდელ კასტრომ დაიწყო კუბის რევოლუცია, ხოლო სსრკ-ში პირველი წყალბადის ბომბი გამოსცადეს.

   ამერიკულმა FARA- საქართველოში ვნებები ფარენჰეიტით 451 გრადუსამდე გააღვივა - აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ანგარიშმა აამოქმედა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი და მთელ მსოფლიოს გაუმხილა იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ლობირებდნენ სააკაშვილის ინტერესებს საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის მოხვდა აშშ-ს საელჩოს თანამშრომელიც! წარმოგიდგენიათ, რა შემაძრწუნებელ საიდუმლოებებს გავიგებდით, საქართველოში მსგავსი კანონი რომ მიღებულიყო?! ის დაჩრდილავდა КГБ-ს აგენტების ლუსტრაციის შესახებ აუმოქმედებელ კანონსაც კი...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 27 ივლისი
საქართველო, თბილისი