სამართალი
დავით ხიდაშელი: ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის, არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ბიზნესმენ დავით ხიდაშელის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ბიზნესმენს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია 49 წლის ვადით მხოლოდ 11 ლარად გადასცა, ტყუილია.

როგორც დავით ხიდაშელმა აღნიშნა, მან მხოლოდ ნადირობის ლიცენზია შეიძინა.

„ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ, ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეცანით პირობებს. ვალდებულების მეტი არაფერია, მითუმეტეს ყველას შევთავაზე ნახევარ წილში შემოსვლა, მაგრამ არავინ შემოვიდა“, - აცხადებს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ, რომ ახლახან „რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა, ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ და ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით, მხოლოდ 11 ლარად გადასცა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე ჰექტარი მიწა, რომლის მასშტაბი 104 712 ჰექტარია. დეპუტატების შეფასებით, მიწების და ტყეების გადაცემა, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, არის ქვეყნის მტრობა და ღალატი.