აქტუალური
ლევან დავითაშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტს, კონსტანტინ ლიმიტოვსკის შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ბანკის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოში.

შვიდწლიანი საქმიანობის განმავლობაში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა რეალური წარმატება გვიჩვენა და სწრაფ პროგრესს განიცდის საზღვრების გაფართოებითა და ახალი წევრების მიღებით. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ, გრძელვადიანი პოტენციალი ეფექტურად გამოვიყენოთ სტრუქტურული რეფორმებისა და ძირითადი ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ.“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა AIIB-ის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში არსებული ზოგადი ეკონომიკური სურათი გააცნო და ლიბერალური საინვესტიციო გარემოსა და მიმდინარე თუ დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში ქვეყნებსა და ეკონომიკებს შორის კავშირების გაუმჯობესებისა და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნის თვალსაზრისით.

AIIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა საქართველოსთან წარმატებული, ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და ამასთანავე, ბანკის სახელით, მისი შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.