აქტუალური
საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი - გიორგი ვოლსკი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი.

"თუ რაიმე პრეტენზია არსებობს, ეს საელჩოს განცხადებაში იქნება, მარგველაშვილის განცხადებაში, თუ ნებისმიერ სხვა განცხადებაში, ხელისუფლებას და იმ ადამიანებს კი არ უნდა მიუტრიალდნენ და საყვედური უთხრან, რომლებიც ამ თემაზე საუბრობდნენ, არამედ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა და მადლობა ღმერთს, რომ გამოქვეყნდა.

ჩამოთვლილია, გვარებია მითითებული ადამიანების, რომლებიც თანხის სანაცვლოდ სამუშაოს ასრულებენ, პირადად იღებენ, ეს სამუშაო რესურსია, რაიმე სხვა შესაძლებლობების გამოყენება - მედია სტატიების შეკვეთა თუ სხვა, ადამიანის გვარი ფიგურირებს საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშებში, ეს არის მთავარი და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვეული ჭიდილი ნამდვილად არ არის სწორი",- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ "დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით".

განცხადების თანახმად, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ "მავნებლური ინფორმაცია", რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, "ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა".