საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დოკუმენტი, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და რომლის მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ს მრჩეველი პიერ ადელინი, კომპანია Conduct-ის თანადამფუძნებლები – სტეფან ლინიგერი და ტილა ქავენგი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.