სამართალი
ევროკავშირის ელჩი: ევროკავშირი ცდილობს რუსეთის იზოლაციას, ველით, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც სურთ ევროკავშირის ნაწილი გახდეს, იგივე მიდგომა დაიცვან

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით, ჩვენ ყველანაირად ვუჭერთ მხარს უკრაინას და ასევე ვცდილობთ, მოვახდინოთ ზეწოლა და რუსეთის იზოლაცია, ველით, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა, განსაკუთრებით მათ, ვისაც სურს ევროკავშირის ნაწილი გახდეს, იგივე მიდგომა დაიცვან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით.

ევროკავშირმა გადაწყვიტა, შეეზღუდა კონტაქტები რუსეთთან. ჩვენ გვინდა რუსეთის იზოლაცია, ჩვენ გვინდა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, გვინდა რუსეთმა გადაიხადოს ფასი უკრაინაში აღმაშფოთებელი საქციელისთვის. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რა დანაშაულები და რა სისასტიკე ხდება ყოველდღე. ვერ დავუშვებთ, ეს გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროკავშირი, მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, ჩვენ ყველანაირად ვუჭერთ მხარს უკრაინას და ასევე ვცდილობთ მოვახდინოთ ზეწოლა და რუსეთის იზოლაცია. ჩვენი აზრით, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ეს საშინელი ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. ველით, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებმა, რომლებსაც სურთ, ევროკავშირის ნაწილი გახდეს, იგივე მიდგომა დაიცვან“, - აღნიშნა ელჩმა.