პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიყოთ პირნათელი ქართველი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა „ტრიოში“ ლიდერი ვიყოთ და ლიდერობა თუ დაფასდება ევროკავშირის მხრიდან, კარგი, თუ არადა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიყოთ პირნათელი ქართველი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკომისიის პირველ ანგარიშში გამოჩნდა, რომ საქართველოს ამ ეტაპზე სამი რეკომენდაცია შესრულებული აქვს, დანარჩენ რეკომენდაციებზე ბევრი დარჩენილი არაფერი არ არის.

მისივე თქმით, არის სასამართლოს საკითხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები შუალედურ ანგარიშში არ იყო გათვალისწინებული.

ბოლო ცვლილებები ასევე გახლავთ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი. ასევე იცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიც ევროკომისიამ გვთხოვა, შევაჩერეთ და სისტემატურ მიდგომასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია ბრიუსელთან, რას ფიქრობენ ისინი, რა მოლოდინები აქვთ, დიდი ხარვეზი, სხვათა შორის, ვერ მოვისმინეთ. ჩვენ დღევანდელ შეხვედრასაც გამოვიყენებთ, რომ მოვისმინოთ, ვინ რას ფიქრობს საკანონმდებლო პუნქტით, არის მეორე მიმართულება – პრაქტიკაში განხორციელება იმ რეფორმების, რომლებიც პარლამენტმა მიიღო. რეკომენდაციების შესრულება-არშესრულების საბოლოო შეფასება ეკუთვნის ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს, ამიტომ თავისთავად მნიშვნელოვანია მათი მხრიდან შეფასება. როგორც იცით, უკრაინამ მხოლოდ ორი რეკომენდაცია შეასრულა და მოლდოვამ – სამი, ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს. მთავარია პროგრესი, რომელიც აჩვენა ქვეყანამ და ოქტომბრამდე მნიშვნელოვანი ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო საკითხები საბოლოოდ შესრულდეს.

რაც შეეხება საკვანძო და არასაკვანძო საკითხებს, 12-ვე საკითხი არის მნიშვნელოვანი. პრიორიტეტებად არ ვყოფთ. ჯერ კიდევ არის დრო, ეს გახლდათ პირველი შუალედური შეფასება და ჩვენ ამის შემდეგაც გვქონდა მოსაზრებების გაცვლა ბრიუსელთან და გვქონდა მათთან საუბარი, რა მოლოდინები აქვთ, რას გულისხმობენ. ყველა ეს საკითხი გავლილია და მოლოდინი არის შემდეგი – ერთ რამეში თუ დაეთანხმება ოპოზიციაც ქართველ ხალხს, კარგი იქნება – რომ შარშან, ივლისში საქართველო დაიჩაგრა, რადგან ტრიოში საქართველო იყო მაშინ და რჩება ლიდერი დღესაც. ლიდერ ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ეს იყო, რა თქმა უნდა, დაჩაგვრა ქართველი ხალხის, უსამართლო გადაწყვეტილება, ამიტომ რთულია, წინასწარ განჭვრიტო, რამდენად სამართლიანი იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება. ჩვენ, ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ტრიოში ლიდერი ვიყოთ და ლიდერობა თუ დაფასდება ევროკავშირის მხრიდან, კარგი, თუ არადა, მთავარი ჩვენი ამოცანაა, ჩვენ ვიყოთ პირნათელი ქართველი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე. ასეთი პირნათელი ვიყავით შარშანაც ქართველი ხალხის წინაშე, რაც დადასტურდა იანვარში ევროკომისიის შეფასებით, რომ საქართველო ლიდერი იყო მაშინ. ჩვენ ველოდებით იმას, რომ ევროკავშირი უკვე ამჯერზე პირნათელი იქნება ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.