აქტუალური
სსფ-მა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დამტკიცება გადადო

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ-მა) გადადო საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენა. შესაბამისად, გადავადდა საბჭოს მიერ ტრანშის დამტკიცების პროცედურაც. ამ გადაწყვეტილების შესახებ მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა, 14 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში დაწერა. ანგარიშში ნახსენებია, რომ გადავადება ნაწილობრივ გამოწვეულია „საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოების გამო“.

სამწლიან მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-მა 2022 წლის აპრილში მიაღწიეს, რის შედეგადაც საქართველოს სესხის სახით 289 მილიონი აშშ დოლარის გამოეყო. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. მეორე ტრანშის გამოყოფაზე მოლაპარაკებები 2023 წლის მაისში გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის მეორე მიმოხილვა ივნისში დასრულდებოდა.

რაც შეეხება სებ-ის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე არსებულ უთანხმოებას, პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ეს ცვლილებები დაჩქარებული წესით 9 თებერვალს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ ცვლილებებს 23 თებერვალს ვეტო დაადო, ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით. თუმცა, 20 ივნისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონში ცვლილებები დაამტკიცა. მათ საფუძველზე, 22 ივნისს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოთქვა წინააღმდეგობა ცვლილებებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდთან“ შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს. „წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამის შეფერხება“.