უცხოეთი
ყირიმის ხიდზე თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთში სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღიძრა

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმაზე რუსეთში სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღიძრა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამომძიებლები ადგენენ ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილე პირებს უკრაინის სპეცსამსახურებიდან და შეიარაღებული ფორმირებებიდან.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტის ადგილას ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

ყირიმის ხიდზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე დაზიანებულია ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი. რუსეთის ხელისუფლება ხიდზე თავდასხმაში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო.

1tv.ge