უცხოეთი
ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა რუსეთს ძვირად დაუჯდება

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა. ამის შესახებ განცხადება სალივანმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვებას დანარჩენი მსოფლიო შეაფასებს როგორც მოსკოვის უარს, მოამარაგოს გლობალური სამხრეთი, აფრიკა, ლათინური ამერიკა და აზია საჭირო და იაფი სურსათით.

სალივანის შეფასებით, რუსეთს „უზარმაზარი დიპლომატიური საფასურის გადახდა მოუწევს“.

მისივე თქმით, აშშ მზად არის, მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის და ამ საკითხზე უკრაინულ მხარესთან თანამშრომლობს.

2022 წლის ივლისში ხელმოწერილი „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“ ქმნის საზღვაო დერეფანს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის გასატანად. შეთანხმების მეორე ნაწილი ითვალისწინებს რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დაბრკოლებების მოხსნას. მოსკოვმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ შეთანხმების ეს ნაწილი არ სრულდება.

ცნობისთვის, კრემლში დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობა შეაჩერა.

1tv.ge