რელიგია
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 12 მოციქულის ხსენების დღეს სვეტიცხოვლობა აღნიშნა

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული, რის გამოც 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება.

დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება. წირვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოების წევრებთან ერთად ატარებს.

სვეტიცხოველობის დღესასწაულს დღეს ესწრება წმინდა ნინოს მომლოცველთა ჯგუფი, რომლებიც ფარავნის ტბიდან ფეხით მსვლელობით ჩამოვიდნენ. მოგზაურობა ფარავნის ტბიდან სვეტიცხოვლამდე ტრაიციული ხასიათისაა და 30 წელზე მეტია, გრძელდება.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას, ანდრიას, იაკობსა და მის ძმას, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.