აქტუალური
ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე: ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმესთვის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს, - ამის შესახებ „ქართლი ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მედიასთან „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ვინმეს დასჯაზეა საუბარი, ჯერ „7-8 მარტის მოძალადეები“ არიან რიგში.

რაც შეეხება თვითონ სასჯელს, ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმესთვის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ საუბარია დაჭერაზე, ქრონოლოგიურად ჯერ რიგი უწევთ 7-8 მარტის მოძალადეებს და მერე შეიძლება დადგეს სხვისი ჯერი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიპლომატის საქმე არ არის შეკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოები, მადლობა ღმერთს და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ამ თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, შსს მინისტრის დამსახურებაა, რომ „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე არავინ დაზიანებულა, რისთვისაც მინისტრს მადლობა ეკუთვნის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ძალადობა თავიდან არიდებული ყოფილიყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებაა ის, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობდა. აქედან გამომდინარე შსს მინისტრს ეკუთვნის მადლობა და მე არ მგონია, რომ ეს შეფასება იყოს სწორი, რაც გაკეთდა კონკრეტული დიპლომატის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მედიასთან „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“.