საზოგადოება
აქედან ჩანს ვისი კარნახით შეიწყალა ზურაბიშვილმა - კობახიძე სტრასბურგში ნიკა გვარამიას ვიზიტზე

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეაწყალებინეს. მისივე აზრით, ნიკა გვარამიას ევროპარლამენტში ვიზიტით ჩანს, ვისი კარნახით შეიწყალა ზურაბიშვილმა ის.

კობახიძე ამბობს, რომ გვარამიას შეწყალების მიზანი პოლარიზაციის გაღვივება იყო.

"აქედან ჩანს ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ მას უნდა შეეწყალებინა გვარამია. მთავარი მიზან იყო რა თქმა უნდა პოლარიზაცია, გვარამიას განცხადებებიც, რა თქმა უნდა, არის ამის დასტური. შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება, ამას ვერ ახერხებდნენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით, ოპოზიციის შემადგენლობას ვგულისხმობ და სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილის გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩანს, ვიღაცები არ იშლიან თავისას, მათ სურთ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიწვევით სტრასბურგში იმყოფება. "მთავარი არხის" დამფუძნებელი ევროპარლამენტარებს ხვდება.

11 ივლისს შეხვედრა გაიმართა ანდრიუს კუბილიუსთან, მირიამ ლექსმანთან, ვიოლა ფონ კრამონთან, მარკეტა გრეგოროვასა და ანნა ფოტიგასთან. 12 ივლისს კი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის ორგანიზებით, ევროდეპუტატებმა ნიკა გვარამიასთან ერთად საჯარო დისკუსიას გამართეს.