საზოგადოება
ირაკლი ქადაგიშვილი: დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი მის მიერ პლენარული სხდომების გაცდენა გახდა

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი მის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, მოცემულ შემთხვევაში საუბარია სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე იმ მიზეზით შეწყვეტაზე, როცა სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილია სხდომების ნახევარზე მეტი. ქადაგიშვილის თქმით, საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 14 ივლისს იმსჯელებს და შესაბამისს დასკვნას მოამზადებს.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული საკითხის პარლამენტში გატანის შემდეგ, სერგეენკო სხდომებზე იშვიათად მიდის. მან ასევე დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის შემადგენლობა.