პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ამ უპრეცედენტო გმირობის მიუხედავად, უკრაინელმა ჯარისკაცმა არ იცის, როდის მიიღებენ მის ქვეყანას ნატოში

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ჩემი აზრით, უკრაინას არ უფასდება - ამ უპრეცედენტო გმირობის მიუხედავად, უკრაინელმა ჯარისკაცმა არ იცის, როდის მიიღებენ მის ქვეყანას ნატოში და კონკრეტულად რა პირობები იქნება, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, სათანადოდ არც ჩვენი თავგანწირვა ფასდება.

გუშინ ირაკლი კობახიძეს სტატუსებს უწერდნენ: - არ იციან ბუქარესტის ნატოს სამიტი 2008 წლის ომამდე რომ იყოო... 2008 წლის ბუქარესტის სამიტის და ომის შემდეგ იყო სტრასბურგის, ლისაბონის, ჩიკაგოს, უელსის, ვარშავის, ბრიუსელის, ლონდონის, მადრიდის სამიტები და აგერ, უკვე ვილნიუსის მიმდინარე სამიტი და მოდი, პირდაპირ ვთქვათ: - სამწუხაროდ, ჩვენი გაწეული შრომა, თავის გადადება და თავგანწირვა სათანადოდ არ ფასდება.

პირდაპირ ვთქვათ ისიც, რომ არც უკრაინას დაუფასდა! როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს, რუსულმა ოკუპაციამ რამდენი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ამ თემაზე რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ილაპარაკონ, დღეს უკრაინის მოქალაქემ არ იცის, როდის მიიღებენ ნატოში - ამ თავის შეწირვის მიუხედავად. ამ უპრეცედენტო გმირობის მიუხედავად, უკრაინელმა ჯარისკაცმა არ იცი, როდის მიიღებენ მის ქვეყანას ნატოში და კონკრეტულად რა პირობები იქნება. ზოგმა, ჩვენმა პარტნიორმა კოლეგამ თქვა და ეს ლიდერების დონეზე ითქვა, რომ უკრაინა ნატოს წევრობას მაშინ მიიღებს, როდესაც ომი დამთავრდება და რუსეთთან ომს მოიგებს - აი, ასეთი მოცემულობა განსაზღვრეს წინასწარ... და მას შემდეგ, რაც ყველა ქვეყანას დაითანხმებენ, ომს მოიგებს და ნატოს სტანდარტებთან ბოლომდე თავსებადი გახდება, ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ, მათ ნატოში მიწვევა ექნებათ.

ჩემი აზრით, უკრაინას არ უფასდება და ბოდიში, თუ ამ გაწყობაში ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ ეს უნდა ითქვას!

მერე ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ საქართველომ რა ქნა ამ დროს...“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.