საზოგადოება
დენიელ ფრიდი: საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს ცდილობს თამაშიდან გავიდეს

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარის, დენიელ ფრიდის განცხადებით, არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი იმ პროცესს მიღმა დატოვა, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს. ამის შესახებ დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

უფრო მეტიც, ფრიდმა აღნიშნა, რომ „საქართველო ისე გამოიყურება „თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან“.

უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ენა, ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის, მაგრამ საქართველო, ამ ეტაპზე, არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე“, - განაცხადა დენ ფრიდმა.

გარდა ფრიდისა, თადარიგის პოლკოვნიკი ევრაზიის კვლევების დირექტორი ბობ ჰამილტონი ამბობს, რომ საქართველოს და უკრაინის „გზები გაიყარა".

2008 წლის შემდეგ უკვე ოფიციალურად, საქართველო და უკრაინა იყო ქვეყნების წყვილი, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციისკენ მიისწრაფოდა. ეს ტანდემი, ეს კავშირი გაწყდა. ახლა ნატო უყურებს უკრაინას, როგორც წევრობის სერიოზულ კანდიდატს. დიახ, ალიანსში განსხვავებული მოსაზრებებია იმის შესახებ, რამდენად პირდაპირი უნდა იყოს კიევის გზა, მაგრამ მე არ მესმის, რომ ვინმე ლაპარაკობდეს ან რაიმე გადაწყვეტილებები იყოს განხილული ამ სამიტისას საქართველოს ნატო-წევრობასთან მეტად დასაახლოებლად. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო ვილნიუსის სამიტზე იგნორირებული იქნება“, - განაცხადა ჰამილტონმა.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში საქართველოს საკითხს ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ფილიპ ბრიდლოვიც შეეხო, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველომ სამხედრო თვალსაზრისით ყველა მოლოდინი დააკმაყოფილა და კითხვის ნიშნებს სწორედ პოლიტიკური ნაწილი აჩენს.

სამხედრო თვალსაზრისით მათ ყველა მოლოდინი დააკმაყოფილეს, რაც კი ჩვენ ნატოს ახალი წევრისგან გვენდომებოდა. ამ მხრივ ისინი მოწვევის კრიტერიუმებსაც კი სცდებიან.

ნატო-სა და ამერიკაში ყველას არ მგონია ესმოდეს ის „რუხი ზონები“ ან ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი საქართველოს შიგნით აწარმოებს. ჩვენ ვხედავთ საინტერესო პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებმაც შესაძლოა გამოწვევა შეუქმნას იმ მიმართულებას, თუ საით შეიძლება მიდიოდეს საქართველო. ვხედავთ რუსულ გავლენას თითქმის ყველაფერში ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს გვაწუხებს“, - განაცხადა ბრიდლოვმა.