საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: 2008 წელს, როდესაც ომი გვქონდა, MAP-იც კი არ მოგვანიჭეს

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს, ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში, 2008 წელს, როდესაც ომი გვქონდა, MAP-იც კი არ მოგვანიჭეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და განსხვავებული მიდგომა სრულიად ბუნებრივია.

ჩვენგან იქნება მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა ნატო-სკენ დაახლოების მიმართულებით. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება გლობალურ პროცესებზე. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას რეგიონში მსოფლიო მასშტაბით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია. ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში. 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დღეს კარგია, რომ უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს და ვერ შეგვშურდება.

უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, საქართველო არ არის ომის მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა არის სრულიად ბუნებრივი. რეალურად, ეს არის ის ფაქტორი, რის გამოც ხდება დიფერენცირება, ეს აბსოლუტურად გასაგებია. ვიღაცებს უნდოდათ საქართველოში ომი, მაგრამ ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდით. დიფერენციაციის საფუძველი როცა არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ერთადერთი, რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, იყო ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით. აქედან გამომდინარე, ეს დიფერენცირება არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ჩვენ ამის ვერ შეგვშურდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, 2008 წელს, როდესაც ქვეყანას MAP-ი არ მისცეს, ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა.

ორი-სამი დღის წინ ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებისთვის რეფორმები სჭირდება. რეფორმების კუთხით ჩვენ ბევრად წინ ვართ, ვიდრე უკრაინაა და სხვა ქვეყნები, რომლებიც არიან ნატო-ში გაწევრიანების მოსურნენი. რა თქმა უნდა, მიზეზი პოლიტიკურია. პოლიტიკური იყო 2008 წელსაც და პოლიტიკურია დღესაც. მაშინ არც MAP-მოგვცეს და არც არაფერი. მაშინ, სააკაშვილი გამოდიოდა და MAP-ზე უკეთესი მოგვცესო, იტყუებოდა. რაში იყო საქმე? – პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა, რომ MAP-იც კი არ მოგვცეს მაშინაც კი, როცა ქვეყანამ ომი გამოიარა. არ მინდა, სიღმეში შევიდე, მიზეზებს ბევრი ექსპერტი განმარტავს. მაგალითად, უკრაინა ნატო-წევრი რომ ყოფილიყო, ეს ომი უკრაინაში არ მოხდებოდა და ეს თავისუფლად მოხდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთი იყო და ეს ასე მოხდა“, – აღნიშნა კობახიძემ.