როგორც ცნობილია, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიური გაერთიანებები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შედის. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნუგზარ წიკლაური არიან. უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საკმაოდ ნეგატიური შეფასებები როგორც პოლიტიკოსების, ისე საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან, თუმცა ცვლილებების მიღების პროცედურა პარლამენტში მაინც გრძელდება.
აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანის პროცედურის შეწყვეტის მოთხოვნით ამჯერად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოდის.
საპატრიარქო ილია მეორეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:„ჩვენი ეკლესიისთვისაც და, საერთოდ, ხალხისთვისაც სრულიად მოულოდნელად საქართველოს პარლამენტმა 1 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ და მისი მეორე მოსმენა, სავარაუდოდ, ხვალისთვის, 5 ივლისისთვის, იგეგმება.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. თავის მხრივ, ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ჩვენი ეკლესიის სტატუსის განხილვა არ დაწყებულა.
ამის ფონზე სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა (მეორე და მესამე მოსმენა) და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო-საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლამადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.
ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს“.