აქტუალური
ივანიშვილმა მილიონები დაკარგა - ადვოკატი კრიპტოთაღლითობის საქმეზე

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი და მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მიითვისა, დაწერა ბიზნესმენის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ სოციალურ ქსელში.

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საუბარია 39 მილიონ დოლარზე მეტ თანხაზე, რისთვისაც ბრალდებულს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში ივანიშვილთან ძალზე დაახლოებული პირი იყო, რომელსაც ჰქონდა საუკეთესო პირობები პირადი და პროფესიული განვითარებისთვის და, შესაბამისად, მილიარდერთან საქმიან ურთიერთობებში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა.

2015 წლის ზაფხულში ბაჩიაშვილმა, როცა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ივანიშვილს საქმიანი წინადადებით მიმართა. კერძოდ, ბაჩიაშვილის განმარტებით, თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში.

ადვოკატის თქმით, შეთავაზებული ბიზნეს-წინადადება საინტერესო აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ სრულად ენდობოდა გიორგი ბაჩიაშვილს, ივანიშვილი დათანხმდა მის წინადადებას და გადაწყვიტა ბიტკოინების მაინინგში 5 მლნ დოლარის ინვესტირება.

შედეგად აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, რაც დასტურდება თუნდაც ელემენტარული გათვლებით“, - დაწერა ადვოკატმა.

ადვოკატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს სურდა საინვესტიციო თანხის მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებიდან გადარიცხვა. თუმცა, ბაჩიაშვილის განმარტებით, თანხის ინვესტირება უნდა მომხდარიყო რამდენიმე ეტაპად, რისთვისაც საჭირო იქნებოდა თანხის ეტაპობრივად მისთვის გადარიცხვა და უფრო მეტი მოქნილობისათვის მიზანშეწონილად მიიჩნია საინვესტიციო თანხის გაცემა „ბანკი ქართუს“ მეშვეობით მის კომპანიაზე.

ბაჩიაშვილის არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, ინვესტორის შეწუხების, მასთან წინასწარი და ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე შეძლებდა ბანკიდან დამოუკიდებლად განეკარგა საინვესტიციო თანხები. ივანიშვილი დაეთანხმა აღნიშნულს და ბაჩიაშვილისათვის 5 მლნ დოლარის გამოყოფის დავალება მისცა „ბანკი ქართუს“ გენდირექტორ ნატო ხაინდრავას.

2015 წლის აგვისტოში ბაჩიაშვილის მიერ შეთავაზებულ და მის მიერ კონტროლირებად უცხოურ კომპანიას „ბანკმა ქართუმ“ გამოუყო 5 მლნ დოლარი სესხის ფორმით. ბანკის მიერ გაცემული სესხი იყო არაუზრუნველყოფილი და მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხით.

შესაბამისად, ადვოკატის თქმით, უდავოა, რომ რეალური ინვესტორის მახასიათებელი/განმსაზღვრელი ყველა ქმედება განხორციელდა ივანიშვილის მიერ. სხვა სიტყვებით, ივანიშვილმა, ბიზნესწინადადებიდან გამომდინარე, რისკები სრულად აიღო საკუთარ თავზე.

პროექტი რომ არ ყოფილიყო მომგებიანი და ეჭვქვეშ დამდგარიყო სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი, ამ შემთხვევაში სწორედ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებიდან მოხდებოდა დავალიანების დაფარვა და არა ბრალდებულის კუთვნილი ქონების ხარჯზე", - აღნიშნა ადვოკატმა.

თანხის ინვესტირებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაჩიაშვილმა გამოთქვა შეშფოთება კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო. მან შეძლო ივანიშვილის დარწმუნება, გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციის გზით მოეხდინათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება, ვინაიდან, მისი განმარტებით, იმ მომენტისათვის გამომუშავებული ბიტკოინების ღირებულება მხოლოდ ზემოთ აღნიშნულისათვის იქნებოდა საკმარისი.

ბატონ ივანიშვილს, ერთი მხრივ, სრული ნდობა გააჩნდა ბრალდებულის მიმართ, მეორე მხრივ კი თავიდანვე იცოდა, რომ პროექტი უკიდურესად რისკიანი იყო... სწორედ ეს გარემოებები გახდა საფუძველი ბატონი ივანიშვილის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემისა", - დაწერა ადვოკატმა.

შეთანხმების შესაბამისად, ბაჩიაშვილმა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში დააბრუნა ბანკიდან სესხის სახით მიღებული ხუთი მილიონი დოლარი, ხოლო დაახლოებით ერთი წლის შემდგომ ნატო ხაინდრავას ხელზე გადასცა 536.900 დოლარი, რომელიც, მისი განმარტებით, დარჩენილი იყო ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ, მაინინგის შედეგად გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული თანხიდან.

ადვოკატის თქმით, ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა მოგვიანებით, რაც გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში ინვესტირებული თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, მათ შორის ბაჩიაშვილის მიერ, ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით.

კერძოდ, საუბარია ერთ-ერთ ენერგეტიკულ პროექტზე - „მტკვარი ჰესის“ მშენებლობაზე. აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო და 2014 წელს მშენებლობის განახლების მიზნით საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა.

პროექტის მშენებლობას თანაინვესტირების ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის აპრილამდე იკავებდა, ხოლო შემდგეგ გახდა ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

თავდაპირველი გათვლებით, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო.

თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება, დაგეგმილთან შედარებით, 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად, პროექტი დღემდე დასრულებული არ არის.

აღნიშნული, სავარაუდოდ, განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დამატებით შესწავლას საჭიროებს.

ფაქტობრივად, გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში „მტკვარი ჰესი“ იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში. ცხადია, აღნიშნულმა გარემოებამ გააჩინა ეჭვები პროექტის და, ზოგადად, ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილს ჰქონდა კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში.

ანუ, რომც არ ყოფილიყო სახეზე კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ჩემს მარწმუნებელს განზრახული ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ჰესის საკითხთან დაკავშირებით და აფრთხილებდა კიდეც ბრალდებულს, რომ პასუხისმგებლობა არ ასცდებოდა", - დაწერა ადვოკატმა.

სწორედ მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, ივანიშვილი დაინტერესდა ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა.

არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება, რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან.

ადვოკატის თქმით, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლოგიკურია ივანიშვილის ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა შესაბამისი ქონება მოიპოვა სწორედ მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით, ასევე, შესაძლოა, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული დიდი ოდენობით თანხებით.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა ის გარემოება, რომ ბაჩიაშვილი ამჟამად არის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კრიპტოპლატფორმის/კრიპტობირჟის ძირითადი ბენეფიციარი- მესაკუთრე, რომელსაც ფლობს სხვადასხვა იურიდიული პირების მეშვეობით.

არსებობს ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სწორედ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო ამ ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისათვის", - აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატმა ასევე აბსურდული უწოდა ბრალდებებს, რომ დარღვეული უფლებების დასაცავად ივანიშვილის მხრიდან სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება. როგორც ადვოკატმა განმარტა, ივანიშვილს ბაჩიაშვილთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, თავად ბაჩიაშვილი კი განსაკუთრებით არ იყო დაინტერესებული პოლიტიკური საკითხებით.

შესაბამისად, ადვოკატის თქმით, მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირება სრულიად უსაფუძვლო ბრალდებაა.

6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

საქმის გამოძიების დასრულებამდე ბაჩიაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და დაევალა მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება.

სისხლის სამართლის საქმე „დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა" და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის" ფაქტებზე აღიძრა, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე.

ხელშეკრულების ღირებულებად 6,3 მლნ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 მლნ დოლარს, ხოლო ბრალდებულის - 1,3 მლნ დოლარს.

შეთანხმებისამებრ, ბრალდებულს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმების თანახმად, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტოსაფულეზე.

ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ერთწლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661,85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 253,13 ბიტკოინს შეადგენდა.

ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536,900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39,2 მლნ დოლარს შეადგენდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.

აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.