აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის პრობლემა ისაა, თითქოს საუბრობენ, რომ ორი რუსეთი არ არსებობს, მეორე მხრივ, თავად უნდათ ხოლმე ორი რუსეთის გამოგონება

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. გვახსოვს ნავალნის განცხადებები ქართველებსა და საქართველოზე. ქართული ოპოზიციის პრობლემა სწორედ ის არის, თითქოს საუბრობენ, რომ ორი რუსეთი არ არსებობს, მაგრამ მეორე მხროვ, თავად უნდათ ხოლმე ორი რუსეთის გამოგონება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „დროებასთან“ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც სააკაშვილი ამბობს: მაქვს ძალიან თბილი მიმოწერა ნავალნისთან, ვლადიმერ კარა-მურზასთან და სხვა ლიდერებთან. ძალიან დავაფასე, რომ თვითონ უმძიმეს პირობებში მყოფმა ნავალნიმ მიმართა ივანიშვილს, ფაქტობრივად ჩემი გაშვების მოთხოვნით. მოკლედ, ჩემ გაშვებას ითხოვენ – ევროპარლამენტარები, მაკრონი, მაია სანდუ, იქიდან პრეზიდენტი ზელენსკი და მეორე მხრივ, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ნავალნი“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი პოლიტიკოსი ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მოქმედებდეს.

იმ მომენტში, როცა როგორც პოლიტიკოსი, ემიჯნები შენი ქვეყნის ინტერესებს, მნიშვნელობა არ აქვს, ვიზე საუბრობ. მთავარია, რომ ქართველი პოლიტიკოსი ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მოქმედებდეს. როგორც კი, პოლიტიკოსები ქართველი ხალხის ინტერესებით იმოქმედებენ, მაშინვე ყველაფერი დალაგდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.