აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რაზეც შეიძლება, გაიმართოს კონსულტაციები, ეს არის, როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილსა და გია ლორთქიფანიძეს

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ერთადერთი, რაზეც შეიძლება, კონსულტაციები გაიმართოს, ეს არის, როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილსა და გია ლორთქიფანიძეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ზურაბ ადეიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ააწყო ციხეებში წამების სისტემა, ქონების ჩამორთმევის სისტემა, ხოლო გია ლორთქიფანიძე იყო ორგანიზატორი არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარების.

„ერთადერთი, რაზეც შეიძლება, კონსულტაციები გაიმართოს, ეს არის, როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ადამიანი, რომელსაც ხუთ საქმეზე უკვე მსჯავრი აქვს მისჯილი. ადეიშვილისდროინდელი პერიოდი რომ ყოფილიყო, შეკრებით 20 წელი აქვს მისჯილი, მათ შორის იმის გამო, რომ კობა დავითაშვილი აცემინა, მათ შორის იმის გამო, რომ ციხეებში წამების სისტემა ააწყო, ეს ადამიანი დღეს უკრაინის პროკურატურაში არის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ვხედავთ, რომ მას ხვდებიან საერთაშორისო აქტორები. სულ ახლახან შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის ელჩთან უკრაინაში. კონსულტაცია უნდა იყოს ამაზე, როდის გადმოგვცემენ ადამიანს, რომელმაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ შექმნა წამების სისტემა;

მეორე, გია ლორთქიფანიძე, რომელიც იყო ორგანიზატორი არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის აქ შემოპარების და არეულობის ორგანიზების, რომელიც არის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. არათუ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეცეს უკრაინას, არამედ ეს ორი ადამიანი უნდა გადმოეცეს საქართველოს და მე პირადად ველოდები, რომ ეს ორი ადამიანი იქნება საქართველოსთვის გადმოცემული.

ზურაბ ადეიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ააწყო ციხეებში წამების სისტემა, ქონების ჩამორთმევის სისტემა. ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდი, ადეიშვილი იყო ამის შემოქმედი, ეს ადამიანი არის დღეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მაღალი თანამდებობის პირი და ამ ადამიანის წინააღმდეგ არის ხუთი განაჩენი გამოტანილი, ეს ადამიანი უნდა იჯდეს თუ არა საქართველოს ციხეში? ის, რომ არ ზის საქართველოს ციხეში და ზის თბილ კაბინეტში, არის თუ არა ეს ცუდი საქციელი? არათუ მიხეილ სააკაშვილის გადაცემა უკრაინისთვის, ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით, რომ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე გადმოეცემა საქართველოს სასჯელის მოსახდელად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.