აქტუალური
ირაკლი კობახიძე: მაკფოლი ინტერვიუში საუბრობდა, რომ ესკალაციას არ უნდა მოერიდონ კონკრეტული ქვეყნები - ასეთი მოწოდებები არ არის სწორი

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. მაიკლ მაკფოლი ინტერვიუში საუბრობდა, რომ ესკალაციას არ უნდა მოერიდონ კონკრეტული ქვეყნები, მგონია, რომ ასეთი მოწოდებები არ არის სწორი, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.

წავიკითხე მაკფოლის ინტერვიუ, სადაც საუბარი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ესკალაციას არ უნდა მოერიდონ კონკრეტული ქვეყნები და საუბარი ჰქონდა ქართველ ჟურნალისტთან ამ თემაზე, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. მე არ მინდა, ამ თემაში ღრმად შევიდე. ზოგადად, ასეთი მოწოდებები არ არის სწორი. მოწოდება, არ მოერიდოთ ესკალაციას, არის არასწორი მოწოდება, მე ასე მგონია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა, მაიკლ მაკფოლმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ვფიქრობ, პრიგოჟინის ეს ამბოხი და მასზე პუტინის რეაქციაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინას კი უჭერენ მხარს, მაგრამ თან ესკალაციის ეშინიათ. ფიქრობენ, რომ პუტინი აუცილებლად ესკალაციაზე წავა. და იქნებ კაპიტულაციაზე წავიდეს? დაფიქრდით ამაზე. იქნებ მოლაპარაკებაზე წამოვიდეს, თუ შეხედავს, რომ ამჯერად „ომის წაგების აჩრდილი“ წამოადგა თავს?“.