სამართალი
მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება, სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეს უხაროდეს ვითარება, როცა ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის აღსრულებას ვინმე გარედან ხელს უშლის

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ, რაც უნდა პოლიტიკურად მიზანშეწონილად ეჩვენებოდეს ვინმეს, არ არის სწორი მიდგომა, ჩადენილი დანაშაულებისთვის დაკისრებული სასჯელის აღსრულებას ვინმე გარედან ხელს უშლიდეს.

„ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულისთვის როცა გასამართლებულია ადამიანი, არ შეიძლება, სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეს უხაროდეს, რომ ვინმე ამას, სასჯელის აღსრულებას გარედან ხელს უშლიდეს. ამიტომ, რაც უნდა პოლიტიკურად მიზანშეწონილად ეჩვენებოდეს ეს ვინმეს, არ არის სწორი და მართებული მიდგომა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას, ბუნებრივია, აქვს აბსოლუტურად მტკიცე პიზიცია და, ჩემი აზრით, ამავდროულად, ეს არის მოქალაქეების მტკიცე პიზიცია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შეფასებისას.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.