აქტუალური
პრეზიდენტი: მოთმინება მესმის, არაკონფრონტაცია მესმის, დათმობა არ მესმის - ფრენების აღდგენის საბაბი არ იყო

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. უცებ ვიწყებთ გაუგებარ დათმობის პოლიტიკას, მე ამას არ დავარქმევდი სტრატეგიულ მოთმინებას. მოთმინება მესმის, არაკონფრონტაცია მესმის, სიფრთხილეც მესმის, დათმობა არ მესმის. არანაირი საბაბი არ იყო, რომ აღდგენილიყო ფრენები, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, არც მოლდოვა შესულა რუსეთთან კონფრონტაციაში, თუმცა, მათი პოზიცია, რომ უკრაინის მხარეს არიან, ნათელია.

„არავის შეიძლება სჯეროდეს, რომ პუტინის რუსეთი იმდენად დაინტერესებულია ქართველების კეთილდღეობით რუსეთში თუ აქ, რომ ჩათვალა საჭირო იყო ფრენების აღდგენა - „ძალიან აინტერესებს“ ახლა ამ მომენტში, როცა ხან უკრაინასთან აგებს, ხან პრიგოჟინთან თუ ვიღაცებთან, ეს წარმოუდგენელია. ყველა ვხედავთ, რომ ეს არის რუსეთის სვლა, რომ მოიპოვოს რაღაცნაირად გავლენა საზოგადოებაზე, ვიღაცას მოეწონოს, ვიღამ შიგნით დაიწყოს ამაზე დაპირისპირება. რუსეთის ნაბიჯები იმდენად ცნობილია, რომ არ არის საჭირო ამისთვის ჭადრაკს თამაშობდე, რომ გაიგო რა ხდება, რატომ ხდება და რას გიკეთებს რუსეთი. ხელისუფლება მე იმისთვის მინდა, რომ საზოგადოებაზე კიდევ უკეთესად ხედავდეს, რას გიკეთებს რუსეთი და იმის წინაშე ააშენოს ისეთი კედელი, რომელიც ამას გაუძლებს. მოლდოვა ახსენეთ და ის სწორედ არაუკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ჩვენ, ვიტყოდი ალბათ, უფრო მძიმედ. გასულ ზამთარს ვიყავი და აღფრთოვანებული ვიყავი ორი ქალით - პრეზიდენტით და პრემიერით, რომლებიც უძლებდნენ იმ მდგომარეობას და გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან გაძლიერებული. იქაც არ ყოფილა კონფრონტაცია რუსეთის მიმართ, მაგრამ იყო მკაფიო პოზიცია, რომ არიან უკრაინის მხარეს, შეიძლება ახალ სანქციებს არ ვასრულებთ და არავინ გთხოვთ ამას, ეს არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა! არავინ გვთხოვა, რომ დამატებით სანქციები მივიღოთ და ღვინო არ გავყიდოთ, მაგალითად, ჩვენ გვთხოვენ, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდეს სანქციების გვერდის ავლის ქვეყანა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ფრენების გახსნით იზრდება სანქცირებული პროდუქტების გატარების შესაძლებლობა და სანქციების კოორდინატორებთან შეხვედრისას სწორედ ამაზე იყო საუბარი.

რაც შეეხება რუს ტურისტებს და მიგრანტებს, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საფრთხეს ისინი არ წარმოადგენენ, თუმცა, აუცილებელია საზოგადოება გრძნობდეს, რომ ხელისუფლება თავის ქვეყნის მოსახლეობას იცავს.

„მე შევხვდი ევროკავშირის, ამერიკის და ბრიტანეთის წარმომადგენლებს სანქციების დარგში და არ ჰქონიათ ძალიან მკაცრი შეფასება საქართველოსი. ამას გაუსვეს სწორედ ხაზი - რა საჭიროა ამ ფრენების გახსნა, სხვადასხვა ჩვენს აეროპორტში გაღრმავება, რომელიც ქმნის ახალ პუნქტებს, სადაც შესაძლებლობა, რომ გვერდის ავლა იყოს და პროდუქტები გატარებული. ამიტომ ნუ გააკეთებ იმას, რამაც შეიძლება გაამძაფროს სიტუაცია. ამიტომ მე ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებდი სხვანაირად. არაერთხელ მითქვამს, რუსი ტურისტები თუ მიგრანტები ვინც შემოდიან, თავისთავად არ წარმოადგენენ საფრთხეს, რადგან ძალიან დიდი ალბათობით ესენი არ არიან პუტინის ჯარები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როცა ხარ სახელმწიფო, შენს მოსახლეობას არ მისცე იმის ყველა შესაძლო შეგრძნება, რომ შენ მას იცავ, იღებ ზომებს, რომ დაცული იყოს ეკონომიკურად თუ სოციალურად. ამ ქვეყნის და ამ მოსახლეობის ხელისუფლება ხარ შენ და არა მათი, რომლებიც შემოდიან, რომლებიც უნდა მივიღოთ კარგად. სხვათა შორის, მშვენივრად ვიღებთ, ზოგჯერ ზედმეტად. ცოტა ქართულად დავილაპარაკოთ - ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ შემოდიან მაღაზიაში ერთი, ჯერ „გამარჯობა“ თქვან, წასვლისას „მადლობა“ და მერე მოვემსახუროთ“,- განაცხადხა ზურაბიშვილმა.