აქტუალური
ეროვნული ბანკი: აპრილთან შედარებით, მაისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 2 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის მაისის ბოლოსთვის 45.48 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2.39 მლრდ ლარით, ანუ 5.54%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 640.93 მლნ ლარით, ანუ 3.72%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.75 მლრდ ლარით, ანუ 6.76%-ით გაიზარდა.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის მაისის ბოლოსათვის 49.52 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.82 პროცენტული პუნქტით.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.84%, ხოლო ევროს წილმა 18.77% შეადგინა.