საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი იწყალებს პოლარიზაციის მთავარ წყაროს, ამით ღვივდება პოლარიზაცია

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. როდესაც პრეზიდენტი იწყალებს პოლარიზაციის მთავარ წყაროს, რა თქმა უნდა, ამით ღვივდება პოლარიზაცია. შესაბამისად, ჩვენს ხელში არ არის ამ პუნქტის შესრულება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა დეოლიგარქიზაციაზე და აღნიშნა, რომ თუ დეოლიგარქიზაციის საკითხი ევროკომისიის 12 პუნქტიდან მოიხსნება, მმართველი გუნდი ამ კანონს აღარ მიიღებს.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის საკითხი დეკემბრამდე არ განიხილება.

„დეპოლარიზაცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ოპოზიციამ თუ არ გადადგა ნაბიჯები დერადიკალიზაციისკენ, რა თქმა უნდა, ეს პუნქტი ვერ შესრულდება. როდესაც პრეზიდენტი იწყალებს პოლარიზაციის მთავარ წყაროს, რა თქმა უნდა, ამით ღვივდება პოლარიზაცია. შესაბამისად, ჩვენს ხელში არ არის ამ პუნქტის შესრულება. ჩვენ შეიძლება ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რაც ჩვენი მხრიდან არის შესაძლებელი.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას - ამაზე ჩვენ კანონი ორი მოსმენით მივიღეთ, მესამე მოსმენით ჯერჯერობით არ ვიღებთ, დაველოდებით დეკემბრის ევროპული საბჭოს პოზიციას და ამის შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. თუ ამა თუ იმ ფორმით მოიხსნება ეს საკითხი 12 პუნქტიდან, ევროკავშირის დღის წესრიგიდან, ჩვენ ამ კანონს არ მივიღებთ, მაგრამ თუ დარჩება ძალაში მოთხოვნა დეოლიგარქიზაციის თაობაზე, რაც თავისთავად ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას - ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს კანონის მიღება, თუმცა დეკემბრამდე ეს საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის თვითმიზანია საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„მე პირადად ათასჯერ მაინც მაქვს ნათქვამი, რომ ოპოზიციისთვის თვითმიზანია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მეტი რა უნდა დაამტკიცონ პირდაპირ განცხადებებით ადასტურებენ იმას, რომ ჩვენ ვართ მართლები. ოპოზიციისთვის არის არა მხოლოდ მიზანი, არამედ თვითმიზანი, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ამისთვის აღვივებენ პოლარიზაციას, ამისთვის შეაწყალებინეს გარედან სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია და ა.შ.

გლობალური ომის პარტია არის ის ვისაც აწყობს საქართველოში პოლარიზაციის შენარჩუნება, აწყობს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა, ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ დეკემბერში, განსხვავებით შარშანდელი გადაწყვეტილებისა, ამჯერად მაინც, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა სანქციების გვერდის ავლის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველო არავის არ აძლევს თავისი თავის გამოყენების საშუალებას სანქციების გვერდის ავლისთვის.

„ამ თემაზე იყო ბევრი ტყუილი და სპეკულაცია და ყოველ ჯერზე დამტკიცდა და სხვათა შორის ეს დაადასტურეს საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ საქართველო არ აძლევს არავის თავისი თავის გამოყენების საშუალებას სანქციების გვერდის ავლისთვის. თქვენი ტელევიზია ამტკიცებს, რომ „ქენონის“ ფოტოაპარატებით იბომბება უკრაინა შეგიძლიათ ამტკიცოთ ასეთი სისულელეები. დამტკიცდა, რომ ყველა სპეკულაცია იყო ცარიელი სპეკულაცია და ყველა ტყუილი იყო ცარიელი ტყუილი. დაასრულეთ სპეკულაციები ეს არის ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაციები“, - აღნიშნა კობახიძემ.