აქტუალური
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, სავარაუდოდ, დაკავება მის მიერ მიცემულ ჩვენებას და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეს უკავშირდება.

„მეც გავიგე, მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ, მაგრამ მისმა მეუღლემ შემატყობინა ეს ამბავი. წარმოდგენა არ მაქვს, რა მუხლით დააკავეს. ალბათ, ჩვენებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა. რა და როგორ იყო, არ ვიცი, მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ვიქნებოდი“,-განაცხადა რამიშვილმა.

კითხვაზე, ელოდა თუ არა სერგო შუბითიძის დაკავებას, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია და მასაც თუ დააკავებენ, არც ეგაა გასაკვირი.

„ადამიანმა ასეთი ჩვენება მისცა და საგამოძიებო მოქმედებებით რას დაამტკიცებს გამოძიება, ეს უკვე გამოძიებაზეა დამოკიდებული, ყველაფერი მოსალოდნელია. მეც თუ დამაკავეს, არ გაგიკვირდეთ“, -განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.