აქტუალური
იტალიური მედია: ევგენი პრიგოჟინის ამბოხების დროს, ნატო ბირთვული ინციდენტის საფრთხის გამო რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას დაეკონტაქტა

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. იტალიური მედიის ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინის ამბოხების დროს, ნატო ბირთვული ინციდენტის საფრთხის გამო რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას დაეკონტაქტა. გავრცელებული ცნობით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის არაფორმალური კონტაქტები შედგა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნატო-ს სამხედროები რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს დაუკავშირდნენ. გამოცემის ვერსიით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ევროპის წამყვანი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მოლაპარაკების ცენტრალური თემები სწორედ ესკალაციის რისკის თავიდან აცილება და „ატომური ინციდენტის“ დაუშვებლობა იყო.

იტალიური მედია წერს, რომ ნატო-ს ყურადღება გამახვილდა 1.4 ათასზე მეტ ბირთვულ ქობინზე, რომლებიც მზად არის დაუყოვნებელი გამოყენებისთვის.