პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მისასალმებელია, რომ მთავრობებს შორის არის მზაობა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების მიმართულებითაც.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით ურთიერთქმედების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.