უცხოეთი
ჯო ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს დიქტატორი უწოდა ერთი დღის შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინს ეწვია ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით, იუწყება სააგენტო Reuters.

სააგენტოს ცნობით, ბაიდენმა „მაო ძედუნის შემდეგ ჩინეთის ყველაზე ძლევამოსილ ლიდერზე“ კომენტარი კალიფორნიაში გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, სი „ძალიან გაანაწყენა“ იმ ფაქტმა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავის საჰაერო სივრცეში ჩინური მზვერავი აეროსტატი ჩამოაგდო, რომლის იქ ყოფნაც მან თითქოს არ იცოდა.

„მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან განაწყენდა, როცა მე ეს ორი ვაგონი სადაზვერვო აღჭურვილობით სავსე აეროსტატი ჩამოვაგდე, ისაა, რომ მან არ იცოდა მისი იქ ყოფნა. დიქატატორები დიდ უხერხულობას განიცდიან, როცა მომხდარის კურსში არ არიან. ის არ უნდა მოხვედრილიყო იქ, სადაც მოხვდა. [აეროსტატი] კურსს ასცდა“, — ციტირებს Reuters ბაიდენის სიტყვებს.

როგორც სააგენტო წერს, სი ძინპინს ბაიდენის სიტყვებზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი პეკინში დადებითად აღიქვან. ამან კი „შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ორივე ქვეყნის ძალისხმევებს, დაუბრუნდნენ უფრო სტაბილურ მდგომარეობას აეროსტატის ინციდენტის შემდეგ“.

აქვე აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე აშშ-ის ლიდერმა დადებითად შეაფასა სი ძინპინისა და ენტონი ბლინკენის შეხვედრის შედეგები და განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთობები „სწორ გზაზეა“.

ბლინკენის 18-19 ივნისის ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი სტუმრობა იყო ჩინეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ვიზიტი პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესების ფონზე შედგა მთელი რიგი საკითხების გამო. მათ შორისაა ტაივანის თემა, ჩინური აეროსტატის ინციდენტი, ასევე ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების სფეროებში უთანხმოება.

sputnik-georgia.com