პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „მიშინო“ - გადაგვარებულმა სააკაშვილმა „შიმშილი“ შეწყვიტა და „დიდ ავიაციაში“ ბრუნდება!

   სააკაშვილი დაიღალა“ - ეს იყო აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ლეგენდა, რომელმაც გადაფარა საქართველოდან მისი აგენტის ევაკუაცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაცპარტიის დამარცხების შემდეგ (ფორმალურად - 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ), რათა საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი თბილისში ისევ დაებრუნებინათ. სააკაშვილი დაიღალა საქართველოთი და საქართველო დაიღალა სააკაშვილით, ამიტომ ის ტოვებს პოლიტიკას, რათა დაისვენოს და განვლილ გზას თვალი გადაავლოს“, - განაცხადეს მაშინ ტელევიზიით და სამოქალაქო საზოგადოებამ ეს წმიდა წყლის სიმართლედ მიიღო. ამიტომ, სააკაშვილის გამგზავრება შეუმჩნეველი დარჩა (ზუსტად არავინ იცის, როდის და როგორ დატოვა საქართველო) – აქაოდა, რადგან „ქართული ოცნების“ ახალმა ხელისუფლებამ ის მშვიდობიანად გაუშვა, მაშასადამე, ასე იყო საჭირო, ფიქრობდნენ მოქალაქეები. ასე გააკეთილშობილეს დამნაშავის ფიგურა, ვინც - მიაქციეთ ყურადღება! - არ გაქცეულა საქართველოდან და არ დაუპატიმრებიათ, არამედ დაუბრკოლებლად და "ღირსეულად" გავიდა პენსიაზე, როგორც დიდი პოლიტიკური მოღვაწე და მოაზროვნე! თანაც, დროებით - იგულისხმება, რომ რაკი სააკაშვილი „დიაღალა“, დასვენების შემდეგ ის თავის „უმნიშვნელო“ შეცდომებს გააცნობიერებს და დაბრუნდება! სწორედ „უმნიშვნელოს“, რადგან სააკაშვილს მნიშვნელოვანი შეცდომები რომ დაეშვა, დააპატიმრებდნენ და გაასამართლებდნე, მშვიდობიანად კი არ გაუშვებდნენ, ასე არაა?! - ფიქრობდა ხალხი.

   ვერსია, რომ მიშიკოს საქმე არ დახურულა და CIA-მ ის სათადარიგოდ შეინახა, ირიბად დაადასტურა სააკაშვილის მეუღლემ, CIA-ს მზვერავმა სანდრა რულოვსმა: მიშას თვალებში ჩავხედე და უთხარი - დამპირდი, რომ მეტს აღარ იზამ! პირდები! - მიპასუხა მიშამ - გვამცნეს ტელევიზიით მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საქართველოს მოუახლოვდა - "მატერიალიზდა" უკრაინაში. ყველაფერ შემდგომს - ბობოქარ, სკანდალურ და უსარგებლო - ზუსტად ისეთივეს, როგორსაც საქართველოში! - მიშას საქმიანობას უკრაინაში უნდა დაედასტურებინა, რომ სააკაშვილმა უკვე დაისვენა და ძალ-ღონით სავსეა, რათა ქართველებს ენანათ, რომ ხელიდან გაუშვეს ასეთი ლიდერი-რეფორმატორი და ბუბა კიკაბიძის ფავორიტის თბილისში დაბრუნების სურვილი გაჩემოდათ, რასაც მიშიკო ისედაც მუდმივად ჰპირდებოდა მათ ტელევიზიით.

   და აი 2021 წელს, კოლი დეგნანმა და სხვა ამერიკელმა ინფორმატორებმა მართვის ცენტრს მოახსენეს, რომ საქართველოში რევოლუციური ვითარება მომწიფდა - აქაოდა, ყველა მხოლოდ ბელადის გამოჩენას ელოდებაო, რის შემდეგაც სააკაშვილის 300 ათასი მხარდამჭერი თბილისს 2015 წლის წყალდიდობაზე მძლავრად წალეკავს! ქართული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ამ ცრუ ლეგენდის რწმენით, ლენგლიში გადაწყვიტეს სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნება კონტრაბანდის გზით - რძის პროდუქტებიან კონტეინერში. მაგრამ მიშიკოს პარტიული ბანდა გადაბირებული აღმოჩნდა ქართული სპეცსამსახურების მიერ და უღალატა მას, რის შემდეგაც CIA-მ უარი თქვა წარუმატებელ აგენტზე და სააკაშვილი საკუთარი თავის იმედზე დატოვა.

სააკაშვილმა კი ხელისუფლების შანტაჟზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა - შიმშილობის სიმულირება მოახდინა, აქაოდა, ისე მეზიზღება პუტინი, საჭმელსაც ვერ ვჭამო! თუმცა, დასავლელი ლობისტებისა და ევროპარლამენტარებისთვის გადახდილი მილიონობით დოლარის მიუხედავად, მათ ვერ გამოიწვიეს მასობრივი სიმპათია „პუტინის პირადი პატიმრის“ მიმართ. ხოლო ვიდეომ „ვივამედის“ პალატიდან - ისტერიკის გულისამრევმა სცენებმა, რომელსაც ის სამედიცინო პერსონალს უწყობდა - გული კი არ აუჩუყა, არამედ კიდე უფრო გააღიზიანა ქართველი საზოგადოება. საქართველოს მოქალაქეები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე ბრაზობდნენ, რომ ეს გადაგვარებული არარაობა პრეზიდენტად აირჩიეს და 9 წელი ამ ლაჩარი არამზადის ეშინოდათ!

   მას შემდეგ, რაც ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ „შიმშილობის“ წელიწადნახევრიანი დრამა წარუმატებელი აღმოჩნდა, გამოიყენეს ახალი ტაქტიკა, უფრო სწორად, CIA-ს ძველი ლეგენდა (იხ. დასაწყისი): სააკაშვილი ძალიან ნანობს, რომ თავი მოატყუებინა და საქართველოში დაბრუნდა! სააკაშვილს აღარ აინტერესებს საქართველო და აღარასოდეს დაბრუნდება არც საქართველოში და არც ქართულ პოლიტიკაში, სიტყვას გაძლევთ! სააკაშვილის მთელი გონება უკრაინაისკენ არის მიმართული. მშვიდობიანად გაუშვით საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მაგალითად - პოლონეთსა ან უკრაინაში, ამის გარეშე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსარ მინიჭებენ! თუ საქართველო უკრაინას უჭერს მხარს, მაშინ უკრაინის მოქალაქე კიევგადაით, რომ გამოჯანმრთელდეს და დაეხმაროს ზელენსკის! რაც შეეხება სასჯელს, მას მიშა გამოჯანმრთელების შემდეგ მოიხდის“.

   თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ურყევი დარჩა და აფერისტ სააკაშვილის არანაირ კომბინაციას არ დაყაბულდა, დასავლელი ლობისტების, ევროდეპუტატების, ამერიკელი კონგრესმენებისა და ქართული რადიკალების პროვოკაციების მიუხედავად. ამიტომ, დღეს სააკაშვილმა ჩამოიხსნა ნიღაბი და დაადასტურა თავისი ჭეშმარიტი განზრახვა: მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ, უკრაინაში ჩემი საქმიანობის პარალელურად, ძალიან აქტიურად ჩავერთო ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ უკრაინის გამარჯვებას, არამედ აქტიურად უნდა ვახლოოთ იგი ჩვენი გაბედული ქმედებებით“, - დაწერა სააკაშვილმა გასულ კვირას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ CIA-მ კვლავ აამოქმედა სააკაშვილი? თუ სააკაშვილმა საკუთარი ძალებით მოახდინა რეაგირება არსებულ კონიუნკტურაზე - დასავლური კოალიციის მოთხოვნაზე საქართველოსა და რუსეთს შორის ომის პროვოცირებასთან დაკავშირებით? ასეა თუ ისე, ამით სააკაშვილმა დაადასტურა ჩემი ყველა პროგნოზი:

- რომ შემოგზავნილი იქნა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად;

- რომ შიმშილობისა და სხვა დაავადებების სიმულაციას ახდენდა და რომ ამ სპექტაკლში დედამისი და ოჯახის სხვა წევრები მონაწილეობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა;

- რომ სააკაშვილს, როგორც მშიშარა და უხეირო მენეჯერს, დასავლეთისთვის და უკრაინისთვის სხვა ღირებულება არ აქვს, გარდა საქართველოში არეულობის ორგანიზატორობისა;

-bრომ სააკაშვილის მთავარი ამოცანა საქართველოში არის ხელისუფლებაში მოსვლა რუსეთთან ომის პროვოცირების მიზნით, რომელსაც 2022 წლის 1 მარტს მე, და არა „ქართულმა ოცნებამ“ და კრემლმა, ვუწოდე „მეორე ფრონტი“ (იხ. ინტერნეტი). ამას ადასტურებს სააკაშვილის ზემოაღნიშნული სიტყვები: უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ ჩვენი გაბედული ქმედებებით აქტიურად ვაახლოოთ იგი“.

   მაგრამ თუ მიშიკომ შეწყვიტა „შიმშილი“ და კვლავ დაიწყო „ფრენა“ - აპირებს აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში უკრაინაში მოღვაწეობის პარალელურად“ და გახსნას მეორე ფრონტი“ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ - მაშინ ხომ არ დადგა დრო, დაბრუნდეს სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში და უკვე იქიდან „გადაწყვიტოს“ ორი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის "ბედი"? „ვივამედის“ კლინიკაში მისი შემდგომი დარჩენის საფუძველი აღარ არსებობს, ისევე როგორც არც ყოფილა.

   მაგრამ „მიმინოსი“ არ იყოს და, დაგვიანებული ხომ არ არის „მიშინოს“ დაბრუნება „დიდ ავიაციაში“ „ბუტირკის“, ანუ რუსთავის ციხის მერე?..

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 18 ივნისი
საქართველო, თბილისი