საზოგადოება
„ვივამედი“: სააკაშვილმა ექიმების რეკომენდაციების შესრულება დაიწყო

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ექიმების რეკომენდაციების ნაწილობრივ შესრულება დაიწყო, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.

სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის მაისიდან იმყოფება. მან სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, როდესაც ეს ფიზიკურად იქნება შესაძლებელი.

„კვება, რა თქმა უნდა, რჩება პრობლემად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მკურნალობის პროცესის. სრულად არ ხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა კვების ნაწილი რაოდენობრივად გაუმჯობესებულია. გარკვეულწილად ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს, სამკურნალო პროცედურებსაც, თუმცა არის რაღაც მომენტები, როცა მთლად ურთიერთთანხმობა არ გვაქვს ამ ნაწილში“, – აცხადებს ჩხაიძე.

ამასთან კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, რომ მოხარულია კლინიკის ყველა დიაგნოზის დადასტურებით, და ასევე იმით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესება კლინიკის მკურნალობის შედეგია.

სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებას მიაღწიონ. მათი განცხადებით, დაავადებები, რომლებიც ექს-პრეზიდენტს აღენიშნება, მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე უარი უთხრა საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.

სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.

განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.

ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.

უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება.

ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.

სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".