პოლიტიკა
ჯორჯიის შტატის გუბერნატორი: ვეხმარებით საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას განსაკუთრებით ვუჭერთ მხარს

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პირველი ამერიკელი გუბერნატორია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, ჯორჯიის შტატი, განსაკუთრებით კი მისი ეროვნული გვარდია ათწლეულებია, საქართველოს ახლო პარტნიორები არიან, იწვრთნებიან და მსახურობენ ერთად.

გუბერნატორ კემპისთვის გამორჩეულად საამაყო იყო სოფელ წილკანში აშშ-ის სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნა. ეს პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მრავალმხრივია ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივი ძალებით“, – წერს საელჩო.

ამასთან, ჯორჯიის შტატის გუბერნატორის, ბრაიან კემპის განცხადებით, სოფელ წილკანში მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნა აჩვენებს, რომ აშშ-სა და საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ.

ჩემთვის პატივია ჯორჯიის შტატიდან საქართველოში ჩამოსვლა პირველ ლედისთან, მარტი კემპისთან ერთად. ათწლეულების განმავლობაში შესანიშნავი პარტნიორობა გვაქვს საერთო საკოორდინაციო ხელმძღვანელობასთან და ყველა ჯგუფთან, რომელიც ჩვენ ადგილზე გვყავს, საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან. ჩვენ რეალურად ვხედავთ მათ კარგ სამუშაოს. აქ არის გენერალი კარდენი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პარტნიორობას. ამ შენობის გახსნა აჩვენებს, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები და ერთგულება საქართველოს მოსახლეობასთან, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ ადამიანებთან. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას და საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით ვუჭერთ მხარს, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს არის ვალდებულება. ცხადია, აქ ხალხს ესმის გეოპოლიტიკა, რა ხდება მსოფლიოში ახლა, აშშ-ის მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ომი უკრაინაში. ცხადია, საქართველოს მოსახლეობას ესმის, რა მდგომარეობაში არიან უკრაინელები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ ასეთ შესანიშნავ პარტნიორობას აშშ-ის ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა.