საზოგადოება
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რითაც ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს ასარჩევად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა “საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს ასარჩევად პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, შეიცვალა მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

მესამე მოსმენით მხარდაჭერილი კანონის პროექტების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა. ამავე პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და აცხადებს კონკურსს. რაც შეეხება პარლამენტის მიერ მათი არჩევის წესსა და პროცედურას, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება.

2/3-იანი კვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული – 6 თვის ვადით.

ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.