სამართალი
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ვაშინგტონში, ენტონი ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იტალიელ დიპლომატს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესახებ დაუსვეს კითხვა.

კონტრშეტევას რაც შეეხება, ვიმედოვნებ, ის დაეხმარება მშვიდობისკენ ნაბიჯის გადადგმაში, რადგან ჩვენ, ყველას, გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგან მშვიდობა გვსურს. უკრაინას თუ არ დავეხმარებით, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და მრავალი სხვა ქვეყანა დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ეს კონტრშეტევა ხელს თუ შეუწყობს უკრაინიდან რუსების გაძევებას, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ გზაზე პირველი ნაბიჯი, შესაძლოა, გახდეს ნატო-სა და უკრაინის საბჭოს შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ინფორმაციის გაცვლა ალიანსის დონეზე.