საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს, დომინიკ ჰასლერს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ დომინიკ ჰასლერის ვიზიტი მნიშვნელოვანი ეტაპია ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ახალ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობას.
„ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ საქართველო არის საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, რომელიც მზადაა, განავითაროს ძირითადი რეგიონული სატრანზიტო მარშრუტები, რომლებიც აუცილებელია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ურთიერთკავშირების გასაძლიერებლად. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა დომინიკ ჰასლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიხტენშტაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.