საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, აქ იყო უბრალოდ მისი დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბარი, შესაბამისად, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო და არ წარადგინა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ წარადგინა პრეზიდენტმა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან და კონსტიტუციური უფლებამოვალეობიდან გამომდინარე.
„აქ პრეტენზიები იყო, რომ კანდიდატები არ წარმოვადგინეთ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, 2 წლის წინ ჩვენ წარმოვადგინეთ კანდიდატები, პარლამენტმა წელიწადზე მეტი არ განიხილა ისინი, ერთი წლის შემდეგ ერთი კანდიდატურა ჩავარდა, ერთმა მოხსნა თავის კანდიდატურა. საბოტაჟში თუ იმას გულისხმობენ უმრავლესობის წევრები, რომ ის კანდიდატურები არ წარმოვადგინეთ, რომლებიც მათ სურდათ, ეს სხვა საკითხია. პრეზიდენტი მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე, რის უფლებაც მას აქვს, რომ პრეზიდენტმა წარუდგინოს პარლამენტს ეროვნული საბჭოს წევრების კანდიდატები.
ბატონი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, უბრალოდ, პრეზიდენტმა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო. აქ იყო უბრალოდ მისი დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბარი, შესაბამისად, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და არ წარადგინა”, - განაცხადა მსხილაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.