აქტუალური
ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია

 საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ლიხნტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ როგორც ცნობილია, საქართველოს 11-13 ივნისს ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, დომინიკ ჰასლერი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდება.