საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა, რომელიც საქმიანობას ოფიციალურად პირველი სექტემბრიდან შეუდგება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, რომელიც ამ პოზიციაზე თავის ოთხწლიან საქმიანობას ივნისის ბოლოს დაასრულებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა როლანდ პრაისს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, სებასტიან მოლინეუსს კი საქართველოს მთავრობასთან ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა როლანდ პრაისსა და სებასტიან მოლინეუსს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს განვითარებაში მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. აღინიშნა, რომ სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ზრდასა და მოდერნიზაციაში.

მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი პორტფელი 15 აქტიური ინვესტიციისგან შედგება და საერთო ჯამში 1.5 მილიარდი აშშ დოლარია.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.